ახალი ამბები

ძაღლის ქუჩაში გაგდების გამო მეპატრონე მაღალ ჯარიმას გადაიხდის – მაია ბითაძე

ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხები მკაცრად გაკონტროლდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის თქმით, კანონპროექტი უკვე მზადაა, რომლის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ ყველა ძაღლის იდენტიფიცირება მოხდეს.

როგორც ბითაძე ამბობს, რომ ძაღლის ქუჩაში გაგდების გამო მეპატრონე მაღალ ჯარიმას გადაიხდის.

„უკვე რამდენიმე წელია, რაც შინაურ ცხოველებთან მიმართებით პრობლემებია. განსაკუთრებით იმატა ძაღლების რაოდენობამ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა უფრო აქტიურად დაიწყეს შინაური ცხოველის შეძენა. ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ ხშირად ავლენენ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას შინაურ ცხოველებთან მიმართებით, რომელთაც ქუჩაში აგდებენ და მათი უკონტროლოდ გამრავლება ხდება.

ასევე უკონტროლოდ ხდება ძაღლების გასხვისება, შეჯვარება და სხვა. ცოტაა მუნიციპალიტეტებში იმ თავშესაფრების რაოდენობა, რომლებიც ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაციას ახორციელებენ. ეს პრაქტიკა საერთოდ არ არის დამკვიდრებული პატრონიან ძაღლებთან მიმართებითაც.

პრობლემა ბევრია. ერთია, როცა შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობას, ტრაგიკულ ბედს ეხება საქმე და მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეწუხებული არიან მომრავლებული ქუჩის ძაღლების გამო”, – ამბობს მაია ბითაძე.

მისი თქმით, კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება და იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი ამ ჩიპირების გარეშე გაყიდოს, ან გაამრავლოს.