საქსტატი- მარტში საარსებო მინიმუმი 40 თეთრით შემცირდა და 256 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 40 თეთრით შემცირდა და 256 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის მარტთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 17.8 ლარით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.40 ლარით შემცირდა და 226.7 ლარი შეადგინა.
ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 5.3% შეადგინა.
საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.
საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.