ახალი ამბები

წვევამდელები სამხედრო სამსახურს 10 000 ლარის სანაცვლოდ ვეღარ გადაავადებენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა.

კანონპროექტში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელები სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 წლით გადავადებას 10 000 ლარიანი მოსაკრებლით ვეღარ შეძლებენ. „თავდაცვის კოდექსის” პროექტმა ახლებურად უნდა დაარეგულიროს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები.

ცვლილების შედეგად, სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ შეეხებათ. სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ თუ ისინი სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, მომდევნო 4 წლის ზაფხულის 1 თვის განმავლობაში ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება.

ამას გარდა, თუ სტუდენტები გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში, წელიწადში 45 დღე, სამი წლის ამოწურვის შემდგომ სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.

კოდექსის თანახმად, იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებაც. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე. გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული სიახლეების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის პირველი იანვრიდან.

კანონპროექტს საპარლამენტო მოსმენებზე აქტიურად ეწინააღმდეგებიან პარტია “გირჩის” წევრები. მათი აზრით, სავალდებულო სამხედრო სამსახური ადამიანის დამონება და მისი ნების საწინააღმდეგო ქმედებაა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 7 წელში სავალდებულო სამხედრო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 პირს გადაუვადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, 36 319 ადამიანი „გირჩი – ბიბლიური თავისუფლების“ წევრია. ამასთან, 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ – 286 673 შემთხვევაში ჯარში გაწვევა სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს გადაუვადდათ. ჯამში, 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 პირს გადაუვადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლდა.