ბოლო 10 წელში საქართველოს მოსახლეობას ელ.ენერგიის ტარიფები 40%-ით გაუძვირდა – TI
ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 40%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ საუბარია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” 2010-2022 წლების ელექტროენერგეტიკის სექტორის ტენდენციების მიმოხილვაში.
პუბლიკაციის თანახმად, ელექტროენერგიის შიდა მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება, რამაც ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა გამოიწვია. იმპორტის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიის ტარიფი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც ყოფილ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეებს ეკუთვნით.
“შუამავალი კომპანიები ელექტროენერგიის იმპორტს მოგების მიღების მიზნით ახორციელებენ, რაც ტარიფს ზრდის. პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გაჩნდა ამ პროცესში შუამავლების ჩართვის აუცილებლობა.
აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად ყოფილ პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული კომპანია „Elgreen Holdings Incorporated“ არის ჩართული.
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგია“ ჩართული, რომლის 50.01% რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის, ხოლო 49.99% საქართველოს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) ყოფილ გენერალურ დირექტორს – ვახტანგ ამბოკაძეს”, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თანახმად, 2011-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება 42%-ით, ხოლო მოხმარება 68%-ით გაიზარდა, რამაც იმპორტის მატება განაპირობა. 2011-2022 წლებში ელექტროენერგიის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა.
პუბლიკაციაში საუბარია ენერგიის არაეფექტიან გამოყენებაზეც. 2021 წელს საქართველოში მოხმარებული ყოველი 1 კვტ საათით $1.73-ის საქონელი და მომსახურება შეიქმნა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზე იყო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული.
პუბლიკაციის თანახმად, 2021 წელს იმპორტში რუსეთის წილი 25% იყო. 2022 წელს რუსეთის წილი იმპორტში 58%-მდე გაიზარდა, თუმცა, რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში მაინც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა – 2021 წელს 1.8% იყო, ხოლო 2022 წელს – 2.6%.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თანახმად, რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების საკუთრებაში არსებულ ჰეს-ებზე საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის. ეს ჰესებია: ხრამი ჰესი 1, ხრამი ჰესი 2, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი.