ახალი ამბები

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე – აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით გაიაფდება.

როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფასის დაკლება ორგანიზებულად მოხდება.

უბნის და საოჯახო მაღაზიებში ვერ ვიქნები გარანტი, არ ვიცი, როგორ მოიქცევიან. ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ.

იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება”,- აღნიშნავს მალხაზ დოლიძე მედიაცენტრ „მთავარში“.