სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა სამართალდარღვევების შესწავლისთვის ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.
„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს მომავლის მხარდასაჭერად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ – პარლამენტის ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას ვითხოვთ. მიგვაჩნია, რომ დღეს თითოეული ადამიანი საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე ვალდებულია გამოხატოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედოს. ამიტომ გვსურს, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს. გვსურს შევქმნათ საგამოძიებო კომისია და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით 10 აპრილს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ. ნებისმიერი დღე, რომელიც მოსამართლეთა სანქცირების თემასთან დაკავშირებით რეაგირებას დააყოვნებს საქართველოსთვის შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს. პარლამენტის თითოეული წევრი გადაწყვეტილებას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს. რეაგირების არმოხდენა სანქცირების გაგრძელების და ამ ქვეყნისვე განვითარების შეფერხების საფუძველი გახდება“, – განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია.