არჩილ თალაკვაძე – მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხი პროექტის დონეზე მომზადებულია
კანონპროექტი, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხი უნდა დაარეგულიროს, პარლამენტს სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში წარედგინება.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკითხზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტ მუშაობს და ის პროექტის დონეზე უკვე მომზადებულია.
თალაკვაძის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება საბაზისო სერვისები, რაც ცხოველების გამრავლების კონტროლს, ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას, ინფექციების მართვას და სპეციალური თავშესაფრების შექმნას უკავშირდება.
„საპარლამენტო კომიტეტი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით მუშაობს. ყველა დაინტერესებული მხარე ჩართულია და სამუშაო პროცესი დაწყებულია როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე მის აღსრულებაზეც არის მსჯელობა. განიხილება ერთიანი სტანდარტის დანერგვა იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ამ საკითხის მოგვარება შეუძლებელია. მაგალითად, თუ კახეთში მუნიციპალიტეტები მოაგვარებენ უპატრონო ძაღლების პრობლემას და სხვაგან ეს არ იქნება ანალოგიურად მოგვარებული, მოხდება და ხდება კიდეც ძაღლების მიგრაცია. ეს გახდება უკვე სხვა მუნიციპალიტეტის პრობლემა ორჯერ უფრო მეტად. ზუსტად ამ დაკვირვებამ, ამ მონაცემებმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ერთიანს სტანდარტს დავუჭიროთ კანონმდებლობით მხარი. არის მსჯელობა ეს უნდა იყოს მუნიციპალურ დონეზე ცალ – ცალკე მართული, მაგრამ ერთიანი სტანდარტით, თუ უნდა იყოს ქვეყნის მასშტაბით ერთი სააგენტო შექმნილი, რომელიც უზრუნველყოფს სერვისების განვითარებას. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს საბაზისო სერვისები უკავშირდება, პირველ რიგში, გამრავლების კონტროლს, უკავშირდება მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას, ინფექციების მართვას, სპეციალური თავშესაფრების შექმნასა და სერვისის შექმნას, როცა მოქალაქეს ეცოდინება თუ ვის მიმართოს. ეს არის საბაზისო სერვისები და საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ ყველა მუნიციპალიტეტს მინიმუმ, ეს სტანდარტული სერვისები ჰქონდეს აწყობილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაჩქაროთ ამაზე მუშაობა. ვცდილობთ, რომ თითოეული დეტალი განხილვების დონეზე მაქსიმალურად ამოვწუროთ. პროექტების დონეზე მომზადებულია, განიხილება დაინტერესებულ მხარეებთან და საგაზაფხულო სესიაზე, დიდი იმედი მაქვს, რომ გვექნება კონკრეტული წინსვლა ამ მიმართულებით“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თალაკვაძემ.