კახეთში ფერმერები ხორბლის და ქერის ტონობით მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ
კახეთში მცხოვრები ფერმერები, ქერის და ხორბლის შარშანდელი მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, ამისი ერთ-ერთი მიზეზი, ბაზარზე არსებული ფასია. ფერმერები განმარტავენ, რომ რუსეთიდან დიდი რაოდენობით ფქვილი და ხორბალი შემოდის, რომელიც შედარებით იაფია.
ფერმერების განმარტებით, რამდენიმე ასეული ტონა ხორბალი საწყობებში აქვთ შენახული, რომელიც ფუჭდება და ხარისხს კარგავს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დაბა წნორში მცხოვრები ვასიკო ბასილაშვილი აცხადებს, რომ წლებია მარცვლოვანი კულტურები მოყავს. მისი განმარტებით, ამ დროისთვის 500 ტონა მოსავალი აქვს მოყვანილი და დასაწყობებული, რომლის გაყიდვასაც ვერ ახერხებს.
,,მაქვს 500 ტონა ხორბალი მოყვანილი, მიყრია ისე და ვერ ვყიდი. თბილისში, სადაც ადრე იბარებდნენ, 55 თეთრს აღარ იხდიან კილოგრამზე. იმის გამო, რომ რუსეთიდან შემოდის ბევრი ფქვილი და ხორბალი, უფრო დაბალ ფასად იყიდება. 2022 წლის მოსავალი ვერ გავყიდე და ახალს რომ მივიღებთ, სად უნდა დავასაწყობო არ ვიცი. თუ რამე არ გვეშველა გადასაყრელი გხდება. ვთხოვ ყველას დახმარებას’’,- განაცხადა ვასიკო ბასილაშვილმა.
აღნიშნული პრობლემის წინაშე კახეთის რეგიონში მცხოვრები სხვა ფერმერებიც დგაგან. მათი განმარტებით, ასე თუ გაგრძელდა, ხორბლის მოყვანას აზრი აღარ ექნება და ისინი მიწის დამუშავებას თავს დაანებებენ.
,,წლებია მომყავს ხორბალი, ასევე მაქვს სასაწყობე მეურნეობა. ახლა მაქვს 600 ტონა ხორბალი, რომელსაც რეალიზაციას ვერ ვუკეთებ. თუ იგივე სიტუაცია იქნება, ხორბლის მოყვანას აზრი აღარ ექნება, ადგილები აბალახდება ისევ ან ინდოელებზე გაიყიდება. სხვებიც ასე მდგომარეობაში არიან’’,– აცხადებს ლაგოდეხში მცხოვრები ფერმერი ზურა ხიზანიშვილი.
მოსავლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში მცხოვრებ სხვა ფერმერებსაც.
,,გვაქვს მოსავლიანი მიწები, გადავწყვიტეთ აგვეშენებინა საწყობები, რაშიც დაგვეხმარა სახელმწიფო და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ახლა ცუდ სიტუაციაში ვართ. მოვიყვანეთ ხორბალი, ბევრი ვიშრომეთ და გასაყიდი ფასი დაბალია, კოლოგრამი 65 თეთრამდე ღირს. დახმარება გვესაჭიროება და იმედია ვინმე დაგვეხმარება’’,- აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის მკვიდრი დავით კაპანაძე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები პაატა ზვიადაური აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა მთავრობის დახმარებაა.
,,მარცვალი მომყავს, ქერი, ხორბალი და მაქვს სასაწყობე მეურნეობა. 2022 წლის მოსავალი გასაყიდია. წინა წლებში ამ დროს მოსავალი უკვე გაყიდული მქონდა ხოლმე. წელს ისეთ ფასებს გვთავაზობენ, რომ ხარჯებსაც ვერ დავფარავთ. ნაწილი მარცვალი მე შევიძინე, ნათესავებისგან, მათაც დავეხმარე და რეალიზაციის პრობლემა შემექმნა. ამ დროისთვის საწყობში ქერი მიყრია და ზიანდება. როდის გაიყიდება და რას შემომთავაზებენ არ ვიცი. იმდენად მაინც ხომ უნდა გავყიდოთ, რომ ხარჯები ავანაზღაურთ. ასე თუ გაგრძელდა, გლეხს აღარ ექნება სურვილი რამე დათესოს და მოიყვანოს. მითუმეტეს, ყველაფერი გაძვირდა_ მუშახელი, აგროქიმიკატები, მიწის მოვლა-დამუშავება. გვინდა გვერდში დგომა, რომ სტიმული არ დაიკარგოს ხალხში.’’
სახელმწიფომ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება ვადაზე ადრე მიიღო. შეზღუდვა, რომელიც ივლისამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, მალე მოიხსნება. მიზეზი კი ფერმერების პროტესტია, რომლებიც პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
„ხორბლის და ქერის ექსპორტის შეჩერების შესახებ 2021 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ და მიზნად ისახავდა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად მოხმარებოდა ადგილობრივ მოთხოვნას. სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება იყო გამართლებული. შემდეგ, რამდენიმე თვეში, ქერთან მიმართებაში ეს შეზღუდვა მოვხსენით. დღეს, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბალთან მიმართებაშიც მოიხსნას შეზღუდვა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფერმერებს, თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში, თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზაცია, რადგან სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში არ დგას არანაირი უზრუნველყოფის რისკი., ქვეყანაში არსებობს როგორც ფქვილის, ასევე ხორბლის მარაგები, დაახლოებით, 2-3 თვის; 3 თვის შემდეგ კი, ახალი მოსავალი მოვა.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს გაიტანა საქართველომ ექსპორტზე ყველაზე მეტი 2.3 მლნ აშშ დოლარის 7 775 ტონა ხორბალი, რომელიც სრულად სომხეთში გაყიდა. 2015 და 2017 წლებში ექსპორტი არ განხორციელებულა, 2016 წელს კი, საქართველომ 70.2 ათასი აშშ დოლარის 74 ტონა ხორბალი აზერბაიჯანში გაყიდა. 2018 წელს 10.1 ათასი აშშ დოლარის 51.5 ტონა პროდუქტი სომხეთში, მინიმალური ოდენობა 0.90 ტონა კი გერმანიაში. 2019 წელს 167.3 ათასი აშშ დოლარის 698 ტონა ადგილობრივი ხორბალი აზერბაიჯანში გაიყიდა. 2020 წელს კი, ექსპორტი ასევე არ განხორციელებულა. რაც შეეხება 2020 წელს, ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. 2021 წელს, აკრძალვის დაწესებამდე კი, საქართველომ 324.9 ათასი აშშ დოლარის 1 316 ტონა ხორბალი სომხეთში გაყიდა, 10.8 ათასი აშშ დოლარის 40 ტონა ხორბალი კი _უკრაინაში.
ცნობისათვის, წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების, თუმცა ხელისუფლება უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. დანარჩენი ქვეყანას ყაზახეთიდან, უკრაინიდან და, აშშ-დან შემოაქვს,. თუმცა, რუსეთის ზემოთ აღნიშნული რეგულაციის გამო, ხორბლის იმპორტი თითქმის სრულად ჩაანაცვლა ფქვილმა.
Pingback: კახეთში ფერმერებმა მარცვლეულის გაყიდვის პრობლემებთან დაკავშირებით აქცია გამართეს | knews.ge