ახალი ამბები

აზარაშვილის თქმით, 10-12 თვეში რეფერენტული ფასები 7 ათასივე მედიკამენტზე დაწესდება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 10-12 თვეში რეფერენტული ფასები ეტაპობრივად 7 ათასივე მედიკამენტზე დაწესდება.

ამის შესახებ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეტაპობრივად რეფერენტულ ფასწარმოქმნას რაც შეეხება, დაახლოებით 10-12 თვის მანძილზე ეს სრულად გავრცელდება 7 ათასივე მედიკამენტზე. აქ სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ბაზები კონტროლისა და აღსრულების ნაწილში ძალიან გვეხმარება. ამასთან, კონკურენციის სააგენტო აქტიურად და ოპერატიულად არის ჩართული მსგავს ფაქტებზე რეაგირებაში. ასევე, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში შეგვაქვს, გულისხმობს ძალიან ეფექტურ და ოპერატიულ რეაგირებას ჩვენი მხრიდან. ეს ერთობლიობაში ნამდვილად იმუშავებს, თუმცა ახლანდელი გარდამავალი პერიოდი, როგორმე სტაბილურად და მშვიდად უნდა გადავიაროთ“,- აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 15 თებერვლიდან ამოქმედდა და დღეს უკვე ფასის ზედა ზღვარი 1 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.

მარტის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებასა და კონტროლში.

აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის უწყებამ და მინისტრმა უკვე არაერთხელ გააჟღერეს ბრალდებები ფარმაცევტული კომპანიების მიმართ შეთანხმებულ მოქმედებასა და ფასების ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით. მსგავსი განცხადებები გაკეთდა პრემიერმინისტრის მხრიდანაც. ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს, პარლამენტში განაცხადა, რომ PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამ განცხადებას PSP-ს დამფუძნებელი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ტყუილს უწოდებს, პრემიერისგან კი დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. თავის მხრივ, მსგავს განცხადებებს სექტორზე ზეწოლად აფასებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია.