მინისტრი- მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოვხსნათ ვადაზე ადრე
„ხორბლის და ქერის ექსპორტის შეჩერების შესახებ 2021 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ და მიზნად ისახავდა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად მოხმარებოდა ადგილობრივ მოთხოვნას. სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება იყო გამართლებული. შემდეგ, რამდენიმე თვეში, ქერთან მიმართებაში ეს შეზღუდვა მოვხსენით. დღეს, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბალთან მიმართებაშიც მოიხსნას შეზღუდვა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფერმერებს, თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში, თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზაცია, რადგან სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში არ დგას არანაირი უზრუნველყოფის რისკი, ქვეყანაში არსებობს როგორც ფქვილის, ასევე ხორბლის მარაგები, დაახლოებით, 2-3 თვის; 3 თვის შემდეგ კი, ახალ მოსავალს ველოდებით.
„ყოველივე აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოვხსნათ ვადაზე ადრე; ჩვენ აკრძალვა გვქონდა ივლისამდე და დღეს, არსებული მდგომარეობით, მიზანშეწონილად ვთვლით, რომ ეს აკრძალვა მოვხსნათ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.