ახალი ამბები

“რადიო თავისუფლება” – ევროკომისია მიდრეკილია გადაწყვეტილებისკენ, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება

ევროკომისია მიდრეკილია გადაწყვეტილებისკენ, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიუსელში “რადიო თავისუფლებას“ წყაროებმა განუცხადეს.

რადიოს ინფორმაციით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მიიღება იმ შემთხვევაში, თუ თბილისი უახლოეს თვეებში არ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანას დააშორებს ევროკავშირს.

მისივე ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების შესახებ რეგულარულ მოხსენებებს გამოაქვეყნებს, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ამრიგად, ევროინტეგრაციის პროცესში თბილისი კვლავ ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს.

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ორი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი.

პირველი – საკმაოდ დიდი დრო რჩება ოქტომბერში მოხსენებების გამოქვეყნებამდე. გარდა ამისა, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაციაც რომ გაუწიოს თბილისისთვის სტატუსის მინიჭებას, საბოლოო გადაწყვეტილება ასოციაციის 27 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს – სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში.

იოზვიაკი ამბობს, რომ ბრიუსელის სიჩქარე, სხვა საკითხებთან ერთად, იმითაც არის განპირობებული, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წელს იმართება.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ოქტომბერში გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, ხოლო მაისში ბრიუსელი თბილისს წარუდგენს შუალედურ შეფასებას, მაგრამ ზეპირად და დახურულ ფორმატში.