wood art- ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდის ბიზნეს იდეა
ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა, გიორგი მეტრეველი ხისგან ფირფიტებს, სანათებს და სხვადასხვა სახის დეკორატიულ ნივთებს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
მან საქმიანობა ერთი წლის წინ ძველი ხელსაწყოთი დაიწყო. ახალგაზრდა ამბობს, რომ ხის ფირფიტების დამზადებისას პირველივე ცდაზე, მის ნამუშევრებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა სათანადო ხელსაწყოების არქონის გამო, საქმიანობის დროებით შეჩერება მოუწია.
ახალგაზრდამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა და იდეების კონკურში, საქმიანობის გასაგრძელებლად გრანტიც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია European Union in Georgia მიერ, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია Save the Children in Georgia, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ახალგაზრდობის სააგენტო, კონრად ადენაუერის დონდთან და ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია ერთად.
გიორგი ამბობს, რომ აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის დაწყების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ebay-ზე ხისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ხის ნამუშევრები და ფირფიტები ნახა, რომელიც კარგად იყიდებოდა.
,,ebay-ზე ვნახე, რომ იყიდებოდა ხის ფირფიტები ძალიან კარგად. მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ აქ გამეკეთებინა მეც და ვფიქრობდი, რომ მოთხოვნადი იქნებოდა. უხარისხო ხელსაწყო მქონდა და დავიწყე ხისგან ფირფიტების გაკეთება. ცდამ გაამართლა და პირველივე ჯერზე მოთხოვნა და დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ყველა რეგიონიდან იყო შეკვეთები. ამიტომ ფირფიტებს მალევე ვყიდიდი და კარგადაც ვმუშაობდი.
იმის გამო, რომ არ მქონდა სათანადო ხელსაწყოები და ხარისხიანად ვერ ვაკეთებდი საქმეს, გადავწყვიტე რაღაც დროის პერიოდში გაჩერება. შემდეგ პროექტის ,,უნარები წარმატებისთვის” შესახებ გავიგე და მივიღე მონაწილეობა ტრენინგებში.
შემდეგ გამოცხადდა იდეების კონკურსი, დავამუშავეთ იდეა და წარვადგინეთ. ჟიურის მოეწონა ჩვენი იდეა და დაფინანსება მოვიპოვეთ. სწორედ ამის დახმარებით შევიძინე კარგი ხელსაწყოები და ჩემს გუნდთან ერთად განვაახლე მუშაობა,მოთხოვნაც ისევ გაიზარდა”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი მეტრეველმა.
ახალგაზრდა გარდა ხის ფირფიტებისა, სხვადასხვა სახის დეკრატიულ ნივთებს და სანათებს აკეთებს და ფეისბუქ გვერდზე დებს. გიორგი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეთავაზებაა.
,,ჩემს მიერ დამზადებულ ხის ფირფიტებს ძირითადად სასტუმროები და რესტორნები იყენებენ. გარდა ამისა, მოქალაქეების მხრიდანაც დიდია მოთხოვნა. გარდა ამისა ასევე ვამზადებ სანათებს, სამომავლოდ კი ვაპირებთ ეპოქსიდის დახმარებით ეკოლოგიურად სუფთა მაგიდების დამზადებას. რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან მზადდება ყველა ნივთი და ვცდილობთ მომხმარებელს მივაწოდოთ ის პროდუქტი რომელიც არის ხარისხიანი. ჩვენ გვინდა, სუფთა პროდუქტით, ხით ჩავანაცვლოთ სხვა ნივთიერებისგან დამზადებული ნივთები.
გაკეთებული მაქვს ფეისბუქ გვერდი, სადაც ძალიან აქტიურობენ მომხმარებლები. სამომავლოდ მინდა ინსტაგრამ და ტიკტოკის ექაუნთების გაკეთება იმისთვის, რომ მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ.”
გიორგი ამბობს, რომ შეკვეთები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან აქვთ.
,,გვაქვს შეკვეთები თელავიდან, გურჯაანიდან, ბათუმიდანაც და სხვადასხვა რეგიონიდან. გრანტის მიღების შემდეგ არამარტო გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა, ასევე შევიძინეთ ცოდნა როგორ უნდა ვიმუშავოთ ეფექტურად და სწორად. გრანტის მიღების შემდეგ ასევე ახალი იდეები დაგვებადა. საშუალება მოგვეცა უფრო მეტი სახის პროდუქტი შევქმნათ, რომელიც იქნება როგორც დეკორატიუილი, ასევე მოთხოვნადიც.
მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს და მიდის ემიგრაციაში, მათ არ აქვთ შესაძლებლობა ადგილზე დასაქმდნენ. მსგავსი პროექტების დაეხმარებათ საკუთარი იდეა განახორციელონ და დასაქმდნენ.”
ახალგაზრდა სამომავლოდ საკუთარი წარმოებული პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას გეგმავს. გიორგი აცხადებს, რომ ebay-ზე და amazon-ზე ვგეგმავთ აქტიურობას.