გაიცანით ახალგაზრდა მეწარმე სოფელ კისისხევიდან
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრები ახალგაზრდა, ლაშა ლაცაბიძე წლებია მარწყვს, უეკლო ჟოლოს და უეკლო მაყვალს ამრავლებს.
გარდა მიღებული მოსავლის რეალიზაციისა, მას ასევე მოწყობილი აქვს სანერგე მეურნეობა, სადაც გერმანული და ესპანური ჯიშის მარწყვის ნერგები გამოყავს და ყიდის.
ლაშა ლაცაბიძე knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქმიანობა წლების წინ დაიწყო, დღეს კი გარდა უკვე სხვადასხვა მიმართულებით მიღებული ცოდნა აქვს დაგროვილი, რომელიც საქმიანობის უკეთ განხორციელებაში ეხმარება. ახალგაზრდა ამბობს, რომ ამ დროისთვის მარწყვს უეკლო ჟოლოსა და უეკლო მაყვალს აწარმოებს, ასევე მას აქვს სანერგე მეურნეობა.
,,ეს საქმიანობა ბავშვობიდან მაინტერესებდა, სულ ვსაქმიანობდი. შემდეგ კი გადავწყვიტე უცხოეთიდან გამომეწერა ნერგები და გამემრავლებინა. ამ დროისთვის მაქვს უეკლო მაყვალი და ასევე მარწყვი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვაძლევს ნაყოფს. ასევე მაქვს მოწყობილი სანერგე მეურნეობა, რომლის საშუალებითაც გამომყავს ნერგები. ეს საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია, თუმცა მე ეს ძალიან მომწონს,”-აცხადებს ლაშა ლაცაბიძე.
ახალგაზრდა ამბობს, რომ თავდაპირველად საქმიანობის დასაწყებად ნერგები დიდ ბრიტანეთში შეიძინა. ასევე აქვს მარწყვის გერმანული და ესპანური ჯიშები, რომელიც უხვმოსავლიანობით გამოირჩევა და განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს.
,,თავიდან ნერგები დიდ ბრიტანეთში შევიძინეთ და აქედან დავიწყე საქმიანობა. ამჟამად გერმანული და ესპანური ჯიშის მარწყის ნერგი გვაქვს გასაყიდი. ისინი სხვა ჯიშებს იმით ჯობია, რომ არის ძალიან დიდი, გემრიელი და უხვმოსქვლიანია. კიდევ რომ მქონდეს მიწები კიდე გავაშენებდი სხვადასხვა ჯიშის კულტურებს.’’
როგორც ლაშა ლაცაბიძე, განმარტავს, პროდუქციის რეალიზაციას ადგილზე ახდენს. ის ასევე შეკვეთებს სოციალური ქსელის დახმარებით ახდენს.
,,მოსავალს და ნერგებს ძირითადად ვყიდი ადგილზე. მყიდველები მოდიან და ყიდულობენ. გაყიდვის პრობლემა არასდროს არ მქონია,” -ამბობს, ლაშა ლაცაბიძე.