თელავის მერია ეხმაურება მოქალაქე ნინო მაისურაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მოქალაქე ნინო მაისურაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა შეექმნა.
მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი აღნიშნული ფაქტი.
,,ვიდეო კამერების დათვალიერების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მძღოლი პირადად დაეხმარა მშობელს პანდუსზე ეტლის აყვანაში და შეუფერხებლად უზრუნველყო მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს სისიტემატურად უტარდებათ სხვადასხვა შინაარსის ტრენინგ კურსები და მაქსიმალურად არიან მომზადებული ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისათვის. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის მოსაზრება მნიშვნელოვანია და მზად ვართ, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ნებისმიერი საკითხის მიმართ. მოქალქეებთან არასათანადო ქმედების დადასტურებისთანავე კი გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები”,– აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, გუშინ, ნინო მაისურაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თელავში, მის შვილს, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, ავტობუსის მძღოლი ტრანსპორტში არ უშვებდა. ინფორმაცია შშმ პირის მშობელმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
,,ჩემს შვილთან ერთად (ეტლით მოსარგებლე)ვიდექი N4 ავტობუსის გაჩერებაზე. მოვიდა ავტობუსი, ახალი მძღოლი იყო და გვითხრა არა, ვერ ამოგიშვებთ სავსეა ავტობუსიო. ხალხი შემჭიდროვდა და გამოჩნდა ადგილი, თუმცა დაეზარა ავტობუსიდან ჩამოსვლა და პანდუსის გაშლა. მთელი კამათის და დავის შემდეგ როგორც იქნა ავედით ტრანსპორტში.
მერე გვეუბნება, ჩქარა მეჩქარება ვაგვიანებო და ლამის ფეხები მომამტვრია პანდუსის დაკეცვის დროს. ესეც არ გვაკმარა მგზავრებს და ისე დაძრა და გააქროლა ავტობუსი ერთმანეთში აგვზილა კინაღამ. ვერც მოვასწარი ეტლის დაბმა. ჩემს შვილს ჯერ ისედაც იშვიათად უწევს გამოსვლა და სარგებლობა ტრანსპორტის. დღევანდელი ფაქტის მერე კი საერთოდ გარეთ აღარ უნდა გამოვიდეს. ყველაზე მეტად გადაადგილების პრობლემა ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს აქვთ.
1. მაინტერესებს სად ეჩქარებათ ავტობუსის მძღოლებს?
2. როდესაც ახალ კადრს იყვანთ გადაამზადეთ.
3. ასწავლეთ მოთმენა, რომ მგზავრი ასვლის შემდეგ მოთავსდეს განკუთვნილ ადგილას.
4. გაზარდეთ და განუსაზღვრეთ დრო მძღოლებს გაჩერებიდან გაჩერებამდე ,რათა მგზავრებს ხელ-ფეხი არ დაგვალეწონ და ერთმანეთზე თავები არ გვახლევინონ”,– წერს ნინო მაისურაძე.