ახალი ამბები

თელავის საკრებულომ პროგრამა დაამტკიცა, რომელიც კისისხევის გამოქვაბულების კვლევითი სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წელს განსახორციელებელი ძეგლთა დაცვის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც კისისხევის კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების კვლევითი სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

„ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება. დღევანდელ სხდომაზე დავამტკიცეთ ძეგლთა დაცვის პროგრამა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია კისისხევის კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებში კვლევითი სამუშაოების განხორციელება. არა მხოლოდ ეს ძეგლი, არამედ ზოგადად სოფელი კისისხევი არის უნიკალური თავისი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობით და ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს სოფელი მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი გახდეს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.
წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მოიწონა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის საპროექტო წინადადებები.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილება, სტრუქტურა, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი.

საკრებულოს დადგენლებით, ცვლილებები შევიდა თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში, რომლის ძირითადი მოტივია ქალაქ თელავში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მოდერნიზებული და ენერგოეფექტური მოსაცდელების მოწყობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით თანხის მობილიზება.