ბაზარზე ბრჭყვიალა ღვინის ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა
ქართულ ბაზარზე ღვინის ახალი ბრენდი Istoria Wine გამოჩნდა. მათი ბრჭყვიალა ღვინის პრეზენტაცია გასულ კვირას გაიმართა.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნათია მამალაშვილი bm.ge-სთან ჰყვება, განსხვავებული სასმლის შექმნის იდეა ანა კამინსკენესთან ერთად მანამდე არსებულ ბარ „ისტორიაში“ გაჩნდა.
„ღვინის წარმოების იდეა იანვარში გაჩნდა, გვქონდა ჩვენი ბარი, სახელად “ისტორია” და გვინდოდა, რამე განსხვავებული შეგვექმნა, რაც ფართოდ ჯერ არ იყო გავრცელებული და გადავწყვიტეთ, ბრჭყვიალა ღვინო შეგვექმნა. შემდეგ უკვე დავიხმარეთ ტექნოლოგები, ლაბორატორიები და მივიღეთ ზუსტად ბრჭყვიალა ვიზუალი. ბრჭყვიალა მინარევი, რომელსაც წარმოებაში ვიყენებთ, ლაბორატორიულად გამოკვლეული სრულიად უსაფრთხო საკვები დანამატია, რომელსაც საკონდიტრო წარმოებაშიც ხშირად იყენებენ“,- განმარტავს ნათია მამალაშვილი.
რაც შეეხება „ისტორია ვაინის“ ასორტიმენტს, მისი თანადამფუძნებლის განმარტებით, ამ ეტაპზე ბრენდი მხოლოდ ნახევრად ტკბილ, თეთრ ღვინოს ასხამს, თუმცა სამომავლოდ ახალი გემოების დამატება იგეგმება.
„თვითონ ღვინო ქართული, ტრადიციული, ნახევრად ტკბილი, თეთრი ღვინოა. კახეთში კომპანია „მარნის კარი“ გვეხმარება ჩამოსხმაში, მათივე 2022 წლის მოსავლის ღვინოს ვიყენებთ.
გამოხმაურების მიხედვით ვხედავთ, რომ საჭიროა, ღვინოებს ფერების მიხედვით სხვადასხვა გემოვნური თვისებებიც ჰქონდეთ და ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ღვინის გემოს მკვეთრად არ შევცვლით, თუმცა თითოეულს თავისი დამახასიათებელი გემო ექნება. გვინდა მშრალი ღვინოც ვაწარმოოთ“, – ამბობს ნათია მამალაშვილი.
ბრჭყვიალა ღვინო ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, სულ მალე გამოჩნდება და ერთი ბოთლის ღირებულება 59 ლარი იქნება. მამალაშვილის თქმით, რამდენიმე თვეში ღვინის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაც იგეგმება.
ღვინის წარმოების სირთულეებზე საუბრისას, „ისტორია ვაინის“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბრჭყვიალა სასმელს მომხმარებელი სკეპტიკურად უყურებს.
„როცა ბრჭყვიალა ღვინის წარმოების იდეა პირველად გაჩნდა, ჩვენ თვითონაც სკეპტიკურად ვუყურებდით, არ გვინდოდა ქიმიური დანამატები გამოგვეყენებინა. ბევრ ქარხანასთან გვქონდა მოლაპარაკება, ვინც ღვინის ჩამოსხმაში დაგვეხმარებოდა და ისინიც, ტექნოლოგებიც ფიქრობდნენ, რომ არ გაიყიდებოდა, თუმცა რახან დავიწყეთ, ბოლომდე მივყევით და კარგიც გამოვიდა. ახლა ძირითადად გვიწევს იმის განმარტება, რომ პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის“, – განმარტავს ნათია მამალაშვილი.
„ისტორია ვაინსის“ თანადამფუძნებელი კომპანიის წარმადობას არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად შეუძლიათ და სამომავლოდ მის გასაზრდელად ინვესტიციების მოძიებაზე მუშაობენ.