ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რა სამუშაოები განხორციელდება თელავის ისტორიული ჭადრის ხის გადასარჩენად

თელავში 900 წელზე მეტი დროის ისტორიული ჭადრის ხის მდგომარეობა მძიმეა.

ხის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება.სპეციალისტების მიერ გასულ წელს მოხდა მისი მკურნალობა, გაწმენდა, შეწამვლა და გადაბელვა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, წელს დაგეგმილია ხის სამკურნალო ღონისძიებების გატარება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დაიხარჯება. მოხდება ხის გადაბელვა, ზედმეტი ტოტების მოშორება და შეწამვლა.

მისივე თქმით, ხის მკურნალობის სამუშაოებში შესაძლოა თელავთან დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსული უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთნენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ასევე ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასახედის მოწყობაც, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

,,ჭადარი არის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ხე და ჩვენ ამით ვამაყობთ. შარშან მას ჩაუტარდა ფიტოსანიტარული სამუშაოები. მოხდა მისი გაწმენდა, შეწამვლა და გადაბელვა. ეს ყველაფერი ჩატარდა სპეციალისტების დაკვირვებით. წელსაც იგივე ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. ბიუჯეტში გამოყოფილი გვაქვს 20 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება საჭიროების შემთხვევაში გადაბელვა, ზედმეტი ტოტების მოშორება და შეწამვლა.

ქალაქ თელავთან დამეგობრებული სხვა ქალაქების ხლემძღვანებელთან გვქონდა საუბარი და გერმანული ქალაქის, ბიბერახის წარმომადგენლობას, ასევე ისრაელის დამეგობრებულ ქალაქს ვთხოვე, რომ დაგვეხმარონ შესაბამისი სპეციალისტებით, რომ ხისთვის საჭირო პროფილაქტილურ სამუშაოებზე მიმართულება მოგვცენ. ვფიქრობთ, უცხოელი სპეციალისტების ამ პროცესში ჩართვა ძალიან კარგი იქნება.

გარდა ამისა, წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ ჭადრის მიმდებარე ტერიტორია უფრო მეტად გამოვაცოცხლოთ, გავაკეთოთ გადასახედი, რომელიც იქნება შშმ პირებისთვის ადაპტირებული. ასევე გვინდა გავაკეთოთ რეკრეაციული სივრცე, რომ ტურისტულად მიმზიდველი გახდეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დაგებულია ასფალტის საფარი და შემდეგ ძველი თელავის უბანი იწყება. შესყიდული გვაქვს პროექტი უკვე და გეგმაში გვაქვს, რომ ქუჩის დარჩენილი ნაწილი ქვაფენილით მოეწყოს, გაკეთდება მოაჯირები და უფრო ლამაზი იერსახე ექნება. რაც მნიშვნელოვანია ეს ადგილი ტურისტულად აქტიური მარშრუტია”,– განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.