ახალი ამბები

აშშ-ში მოღვაწე თელაველი ექიმის, დავით მრელაშვილის შექმნილი დრონი, გინესის რეკორდებში მოხვდა

ამერიკაში მცხოვრები თელაველი ექიმის, დავით მრელაშვილის მიერ შექმნილი დრონი, რომელსაც ყველაზე დიდხანს ფრენის უნარი აქვს, გინესის რეკორდებში მოხვდა.

ინფორმაცია და ფოტოები მრელაშვილმა თავად გაავრცელა. იგი ამბობს, რომ საფრენი აპარატებით დიდი ხნის წინ დაინტერესდა, პილოტის ლიცენზიაც მოიპოვა და მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის მქონე დრონი შექმნა.

ექიმის მიერ შექმნილი დრონი სხვებთან შედარებით დიდია. მისივე თქმით, დრონის შექმნა იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც ის ბიუროკრატიული პროცესები, რომელიც გინესის რეკორდების ორგანიზაციაში დასჭირდათ. მრელაშვილი ამბობს, რომ პროდუქტი გასული წლის ივნისში უკვე მზად იყო, თუმცა ნახევარი წელი სწორედ ამ პროცესებს დასჭირდა.

„გამარჯვების “პალასაზე” ვართ ქართველები, ბარემ ერთი გინესის მსოფლიო რეკორდიც დავამატოთ. სურათზეა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის ელექტრული შვეულმფრენი – ე.წ. დრონი, და მისი შამქმნელი – თქვენი მონა-მორჩილი“- წერს დავით მრელაშვილი.

დავით მრელაშვილი აღნიშნავს, რომ მისი სამომავლო გეგმა საქართველოში ამ პროდუქტის გამოყენებით აგრო სფეროს განვითარებაა.