ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტომ თამბაქოს ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონკრეტული ეკონომიკური აგენტის საჩივრის საფუძველზე, თამბაქოს ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება სიგარეტის გარკვეული სახეობების მიმართულებით კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, რაც გულისხმობს შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს.

„კონკურენციის ხელშეწყობის, შესაბამისი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოში მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა“, – აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს, ესენია: საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტი; ავტომომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტი; საზღვაო გადაზიდვების სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის შემთხვევა; ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტი.

2022 წელს უწყებამ 3 მოკვლევის საქმე დაასრულა, საიდანაც 2 მათგანში დარღვევა დადასტურდა, გაიცა 2 რეკომენდაცია