საქსტატი- საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 711 ლარით აღემატება
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ხელფასს 711 ლარით და 50 თეთრით აღემატება.
საქსტატის თანახმად, 2022 წლის IV კვარტალში 20%-ზე მეტითაა გაზრდილი, როგორც ქალების, ასევე კაცების საშუალო ანაზღაურება, თუმცა სახელფასო სხვაობა გენდერულ ჭრილში კვლავ მაღალია. საგულისხმოა ისიც, რომ ტრადიციულად, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი წლიურ ჭრილში 258 ლარით (22.4%) გაიზარდა და 1 411.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცების საშუალო ხელფასი კიდევ უფრო მეტად, 355.3 ლარით (20.1%) გაზრდის შემდეგ, 2 123.2 ლარს გაუტოლდა. შედეგად, IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 21.2%-ით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარია.
ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობა გლობალური პრობლემაა. მსოფლიო ბანკის თანახმად, გენდერულ ჭრილში შემოსავლის უთანასწორობა უარყოფითად აისახება ქვეყნების ეკონომიკის ზრდაზე. ბანკი მიუთითებს, რომ 119 ქვეყანას სახელფასო სხვაობის შესამცირებლად კანონმდებლობის გაუმჯობესება შეუძლია. Moody’s Analytics-ის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობის შემცირება მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 7%-ით ანუ $7 ტრილიონით გაზრდის. Moody’s-ის შეფასებით, ამ ტემპით, მსოფლიოს, გენდერული უფსკრულის დასაფარად, შესაძლოა 132 წელი დასჭირდეს.