დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება.
ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერლის 16-17 მარტს მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით ავრცელებს.
“დიდი ბრიტანეთი მოლდოვასა და საქართველოსთვის თავის ფინანსურ მხარდაჭერას აძლიერებს, ვინაიდან, ისინი კვლავ განიცდიან პუტინის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ დესტაბილიზაციას”, – წერია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, მოლდოვასა და საქართველოში ვიზიტების დროს კლევერლი მოლდოვაში ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების მხარდასაჭერად დამატებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარების შესახებ გამოაცხადებს. საქართველოსთვის კი, მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად – 500 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარებას გამოყოფს.
“საქართველოში კლევერლი ნახავს, თუ როგორ ეხმარება გაერთიანებული სამეფოს დახმარება, მათ შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა, რუსეთის დივერსიული ჩარევებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთი ასევე 500 000 გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ გარე ჩარევისგან დაცვას”, – წერია განცხადებაში.