ევროპამ მესამე ქვეყნებისთვის სამუშაო ნებართვები შესაძლოა, გაამარტივოს
ევროპაში სამუშაოდ ჩასვლა საკმაოდ რთული პროცესია. მუშახელის დეფიციტის მიუხედავად, სამუშაო ნებართვების გაცემა კვლავაც შეზღუდულია.
როგორც ევროპული მედია წერს, მიმდინარე თვეში ევროკავშირს აქვს შანსი მოახდინოს კანონმდებლობის რეფორმირება, რათა სამუშაო და ბინადრობის ნებართვები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ყველასთვის უფრო სამართლიანი სამუშაო პირობები შექმნას.
სამუშაო ნებართვები, ბინადრობის ნებართვები და ერთჯერადი ნებართვები
თუ თქვენ არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე, სამუშაო ნებართვის მისაღებად საჭიროა ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ხანგრძლივი და მძიმე პროცედურების გავლა. მაშინაც კი, როდესაც სამუშაო შეთავაზება დაცულია, შეიძლება დაგჭირდეთ ვიზა ევროპაში შესასვლელად, ბინადრობის ნებართვა მოცემულ წევრ ქვეყანაში დარჩენისთვის და სამუშაო ნებართვა, რომ შეძლოთ რეგულარული კონტრაქტის მიღება. ამ ყველაფერს თან ახლავს მაღალი საფასური, რთული პროცედურები და ხანგრძლივი დრო.
ხშირ შემთხვევაში, არჩევანი საკმაოდ რთულია: დასაქმებულები ან ექსპლუატაციას იტანენ, ან ტოვებენ სამუშაოს და დოკუმენტების გარეშე დეპორტაციას ექვემდებარებიან.
დამსაქმებლებისგან ნებართვების გაუქმება ექსპლუატაციის შესამცირებლად
როდესაც სამუშაო ნებართვა მიბმულია ერთ დამსაქმებელზე, სამუშაოს შეცვლით ის რისკავს დაკარგოს ევროპაში დარჩენისა და მუშაობის უფლება. პრაქტიკაში, ამან შეიძლება აიძულოს ადამიანები, დარჩნენ სამუშაოზე, რომელიც მათ მორალსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. მიზეზი – ნებართვის დაკარგვის შიშია.
მაგალითად, ფინეთში, მუშებს, რომლებიც განიცდიან შრომით ექსპლუატაციას, შეუძლიათ მიმართონ სპეციალურ ბინადრობის ნებართვას. ეს ნებართვა მათ აძლევს ერთი წლის საშუალებას იპოვონ სხვა სამუშაო ან შექმნან საკუთარი ბიზნესი ისე, რომ არ შეექმნათ დეპორტაციის საფრთხე. როდესაც ისინი ახალ სამუშაოს იპოვიან, მათ შეუძლიათ მიმართონ სხვა, გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვას.
ირლანდიაში, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფ დასაქმებულებს, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და მუშაობის ნებართვა ექსპლუატაციის ან სხვა მიზეზების გამო, ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ განაცხადონ ახალი სამუშაო ნებართვის შესახებ.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტი კენჭს მარტის ბოლოს უყრის შემოთავაზებულ ცვლილებებს. ევროსაბჭო კი კენჭს უყრის წინადადებას 2023 წელს. ევროპარლამენტარებმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა შრომის ბაზარი ყველასთვის სამართლიანი იყოს.