სოფელ ქვემო ალვანში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის დადგმა იგეგმება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის დადგმა იგეგმება.
თუშეთის განვითარების ფონდის ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის დადგმა იგეგმება მისივე სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის წინ, სახელოვანი თუში გმირის, ზეზვა გაფრინდაულის ბიუსტის გვერდით.
აღნიშნული იდეის განსახორციელებლად, თუშეთის განვითარების ფონდმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და თანხის შეგროვება დაიწყეს.
,,თუშებს ბევრი გმირი გვყავს, თუმცა ზეზვა გაფრინდაული და გიორგი ანწუხელიძე გამორჩეული გმირები არიან. სწორედ ამიტომ, იქ სადაც ზეზვას ბიუსტი დგას, საჭიროა გიორგის ბიუსტიც დაიდგას. უკვე შემუშავდა გიორგის ბიუსტის მონახაზი, რომელიც შეთანხმებულია მის ოჯახთან. ბიუსტზე მუშაობა თავის თავზე აიღო თუშმა მოქანდაკემ, ბადრი თავბერიძემ. ბიუსტის გაკეთების სრული ღირებულება შეადგენს 5-6 ათას აშშ დოლარს.
სწორედ ამ იდეის განსახორციელებლად, ვიწყებთ თანხების მობილიზებას და ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ჩვენი ეროვნული გმირის ბიუსტი იდგას მისივე სოფლის ცენტრში, შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობის თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE80BG0000000682829900 (საქართველოს ბანკი, ლარი/ევრო/დოლარი). როგორც აქამდეც არაერთხელ, გვჯერა, რომ ამჯერადაც შევძლებთ ამ საშვილიშვილო საქმის ბოლომდე მიყვანას”,-აცხადებენ თუშეთის განვითარების ფონდში.