შსს-პარლამენტთან აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.
შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება.
ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.