სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირზე 19 საათზე აქციას აანონსებენ – მოთხოვნები
სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე აქცია გაიმართება. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აქტივისტებმა დაგეგმილი აქციის ორ ძირითად მიზანზე ისაუბრეს.
თბილისის საკრებულოს წევრმა „გირჩი- მეტი თავისუფლებიდან“ ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ აქციაზე ისინი მმართველი გუნდისგან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის მკაფიოობას და დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
„დღეს აუცილებლად იქნება აქცია! რადგან არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც არ გვაქვს „ქართული ოცნების“ ნდობა და რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ გარანტი ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას. ერთი მხრივ გვჭირდება მკაფიოობა – როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი იმიტომ, რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი. მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად და არიან დაჭერილები, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე მარტივად აქვთ.
დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება ერთი მხრივ ვიამაყოთ ერთმანეთით და ჩვენი გაკეთებულით, იმით რომ პრორუსულ ძალას ამ ნაბიჯის გადადგმა ვაიძულეთ და გარდა ამისა გარანტია მოვიპოვოთ იმის, რომ ჩვენი მეგობრები თავისუფლები იქნებიან და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, ეს პროცესები არ შეწყდება “, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა და „ხალხის ძალამ“ “აგენტების შესახებ” პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.