იდეების სახალხო დაფინანსება- ლაგოდეხში ახალგაზრდებმა იდეების განსახორციელებლად ფული შეაგროვეს
საინიციატივო ჯგუფმა „ერთად ლაგოდეხისთვის“, სახალხო დაფინანსების კონცეფციის პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ ლაგოდეხში პირველი „იდეების აუქციონი“ ჩაატარა და ახალგაზრდული იდეების დაფინანსება მოახერხა.
„იდეების აუქციონი“ არის ქრაუდფანდინგის ანუ დაფინანსების მოძიების ერთ-ერთი ფორმა. იგი აკავშირებს მათ, ვისაც შეუძლია თანხის გაცემა მათთვის, ვისაც აღნიშნული რესურსი კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად სჭირდება.
საინიციატივო ჯგუფის ლიდერის, სალომე ღონღაძეს თქმით, იდეების აუქციონისთვის წარსადგენი პროექტები შეირჩა ღია კონკურსის საფუძველზე. მისი განმარტებით, ჯამში, შევიდა 13 პროექტი, საიდანაც სპეციალური ჟიურის მიერ 3 იდეა შეირჩა, რომელიც იდეების აუქციონზე დასაფინანსებლად გაიტანეს.
სალომეს განმარტებით, იდეების კონკურსზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების აქტიურობა მაღალი იყო და საბოლოო ჯამში იმაზე მეტი თანხა მოგროვდა, ვიდრე საჭირო იყო.
,,ლაგოდეხში იდეების აუქციონი გაიმართა, რასაც წინ უძღოდა იდეების კონკურსი, სადაც კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი იდეა შეარჩია. სწორედ ამ იდეების დასაფონანსებლად გაიმართა ღონისძიება, სადაც მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგებლები, როგორც ბიზნესის, ასევე სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მიღწეულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, სამივე იდეამ წარმატებით მოიპოვა დაფინანსება. თითქმის 10 000 ლარი შეგროვდა, ეს ბევრად მეტია ვიდრე დაგეგმილი იყო.
ამ სიახლეს საზოგადოება პოზიტიურად შეხვდა და ჩვენ შევძელით ყველა მხარის გაერთიანება. ასეთმა ინიციატივამ დიდი დაინტრესება გამოიწვია, ყველა შეთანხმდა, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ წელსაც გავაკეთოთ ეს. ორგანიზატორი იყო ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია გვეხმარებოდა ადამიანური რესურსით. რაც მთავარია, სამივე ინიციატივამ წარმატებით მოიპოვა დაფინანსება. თანხის შესაგროვებლად ორ ლოტად დაიყო აუქციონი, პირველივეზე მოგროვდა საჭირო თანხა, შემდეგ კი უფრო მეტის შეგრივება შევძელით. გრძელდება თანხების შეგროვება და მითითებულ ანგარიშებზე ახლაც შეუძლიათ მსურველებს თანხა ჩარიცხონ, რომელიც კვირის ბოლოს გადაირიცხება იდეის ავტორებთან’’,- განუცხადა Knews.ge-ს სალომე ღონღაძემ.
რაც შეეხება იდეებს, რაც აუქციონზე იყო წარდგენილი, იყო ააიპ შეზღუდული შესაძლებლობისა და მზრუნველობამოკლებულთა ორგანიზაცია “მადლი” -ს იდეა. მათ სურთ სენსორული ოთახის შექმნა შშმ პირებისთვის. მეორე იდეა ეკუთვნის სსიპ მიხელ გაფრინდაშვილის სახელობის # 1 საჯარო სკოლას. მათი ინიციატივაა ვებ გვერდის შექმნა პროფესიონალი და ენთუზიასტი პროგრამისტებისთვის. მესამე იდეა კი სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლას ეკუთვნის, რომლებსაც სკოლაში უნდათ მუსიკალური სივრცის მოწყობა.
გამარჯვებული იდეის ერთ-ერთი ავტორი, ცოტნე ცნობილაძე აცხადებს, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება და ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა მნიშვბელოვანია.
,,მიხარია, რომ ჩვენი იდეა მოიწონა ხალხმა და დაფინანსდა. ვპირდებით ყველას, რომ მეტს გავაკეთებთ ჩვენი იდეის განხორციელებისთვის. ჩვენი მიზანი იყო რომ შეგვექმნა ქართული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებდა საქართველოში მოქმედ პროგრამისტებს და მისცემდათ მათ საშუალებას გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისთვუს. მივიღეთ გრანტი 3 000 ლარის ოდენობით და ძალიან გახარებულები ვართ’’,- განაცხადა ცოტნე ცნობილაძემ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმაციით, მსგავსი ფორმით იდეების დაფინანსება სიახლეა მუნიციპალიტეტისთვის. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოკერიას თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ უნდა იყოს ერთჯერადი და ხშირად უნდა ტარდებოდეს.
,,იდეების აუქციონის ჩატარება წარმატებული გამოდგა ლაგოდეხისთვის, რადგან ასეთი ტიპის ღონისძიება არ ჩატარებულა ჩვენთან. სახალხო დაფინანსებით იდეების განხორციელება მნიშვნელოვანია. მსგავსი საქმიანობა ამ ჯგუფმა უნდა გააგრძელოს, რადგან ამ ღონისძიებაზე ხალხმა და საზოგადოებამ დაინახა საკუთარი ძალა. ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვიყავით და მე მიმაჩნია, რომ როცა კარგ საქმეს აკეთებ, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს და ბევრ სხვა სიკეთეს წარმოშობს.’’