გრემის არქიტექტურული კომპლექსი-ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.
გრემის, როგორც ქალაქის ისტორია XV საუკუნიდან იწყება, როცა იგი კახეთის პირველმა მეფემ გიორგიმ (1466-1476 წწ.) კახეთის სამეფოს დედაქალაქად აქცია. ეს სტატუსი გრემმა ორი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა. აქ მიმდინარეობდა აქტიური მწიგნობრული საქმიანობა, აქ გადიოდა საქარავნო გზები. სწორედ ამიტომ იგი კახეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრად.
გრემის არქიტექტურული კომპლექსი მრავალფეროვანი ნაგებობებისგან შედგება. აქ არის გუმბათოვანი მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, სამსართულიანი სასახლე-სამრეკლო, სამეურნეო ნაგებობანი, გალავანი, მდინარე ინწობისკენ საიდუმლო გასასვლელი. აქვეა აბანოები, ბაზარი და ქარვასლა. გრემის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია ე.წ. მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელიც კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა წამომართული და შედგება მაღალ გალავანშემორტყმული გუმბათოვანი ეკლესიისა და სასახლე-სამრეკლოსგან.
ისტორიული გრემის კომპლექსი 1975 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალს წარმოადგენს. სასახლე-სამრეკლოში გამოფენილია ეთნოგრაფიული მასალა და გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების ნაწილი: ბრინჯაოს ხანის იარაღი, სამკაული, მცირე ზომის ცხოველთა ქანდაკებები, რკინის ცულები (XII-XIII სს.); კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები (XV ს.); შუასაუკუნეების საბრძოლო იარაღი (ზარბაზანი და მშვილდ-ისარი XVI ს.).
მუზეუმში სულ დაცულია 2 056 ექსპონატი. გრემში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მუზეუმ-ნაკრძალში ასევე წარმოდგენილია ფერწერული ნამუშევრების სერია – მეფეთა პორტრეტები.