გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საბავშვო ბაღებსა და სკოლებში
როგორ უნდა მოხდეს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საბავშვო ბაღებსა და სკოლებში- აღნიშნულ საკითხზე თელავში, World Vision საქართველოს ფონდის პროექტის, „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით” ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და იქ არსებულ სკოლებში განხორციელებული აქტივობები, მუშაობის შედეგები, აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი მოგვარების გზები.
World Vision საქართველოს ფონდის პროექტის კოორდინატორის, ქეთევან ქიმოსტელის განმარტებით, რეგიონებში ქალები და ბავშვები ხშირად განიცდიან სხვადასხვა ფორმის ძალადობას, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერის არქონისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ნაკლებობის გამო, ამ პრობლემებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
მისივე განმარტებით, გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერი, გენდერული ნიშნით ძალადობა და შესაბამისი რეაგირება, ნაკლებად საუბრობენ.
პროექტის ფარგლებში გარდა სხვადასხვა ღონისძიებებისა, ასევე საქართველოს 3 რეგიონში, მათ შორის კახეთშიც ჩატარდა კვლევა და შემუშავდა გზამკვლევები სასწავლო პერსონალისთვის, რაც მათ დაეხმარება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლაში სასწავლო დაწესებულებებში. პროექტის მიზანია განვითარებისთვის თანაბარი გარემოს შექმნა გოგონებისთვის და ბიჭებისთვის და არსებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა.
კონკრეტულად რა სახის აქტივობები განხორციელდა პროექტის ფარგლებში, რა გამოწვევებია ამ კუთხით, როგორია მისი მოგვარების გზები, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიურ მუშაობას, ამაზე ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეოდან შეიტყობთ.