ახალი ამბები

გაიცანით მხატვარი ანა პაპაშვილი თელავიდან

თელავში მცხოვრები 28 წლის ანი პაპაშვილი ბავშვობიდან ხატავს.

ახალგაზრდა ამბობს, რომ ხატვის დროს განტვირთვას ახდენს და სკოლაში სწავლისას, როგორც კი დროს გამონახავდა, ხატავდა. სწორედ ამიტომ, მან თელავის სამხატვრო სკოლაში სწავლის გადაწყვეტილება მიიღო. ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა ხატვას.

,,სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ხატვა როდის დავიწყე. ყოველთვის მიყვარდა ლამაზი ილუსტრაციებით შექმნილი წიგნები და შემდეგ, ამ ილუსტრაციების მიხედვით, პატარ-პატარა ჩანახატების გაკეთება. ჩემთვის ვხატავდი ხოლმე, სასკოლო რვეულების ბოლო ფურცლებზე, სახლში მეცადინეობებს შორის, ხატვით ვახდენდი განტვირთვას. მეშვიდე კლასში სწავლა დავიწყე თელავის სამხატვრო სკოლაში, სადაც 4 წელი ვისწავლე. მას შემდეგ აღარ დამიხატავს, თუმცა 3-4 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ისევ დამეხატა”,- ამბობს ანა.

ანას თქმით, მის ნახატებში გადმოცემულია მისი განწყობა და ემოცია. მისივე განმარტებით, ის ნახატებს მცირე რაოდენობით, სოციალური ქსელის დახმარებით ყიდის.

„დიდი ხნის მანძილზე ვერ ვბედავდი სოციალურ ქსელებში ჩემი ნახატების დადებას. ეს ჩემი მეგობრების და ოჯახის დამსახურებაა. მინდა ბევრი ვისწავლო ამ მიმართულებით. პროფესია, რომელიც წლების წინ ავირჩიე, ვთვლი, რომ არასწორი იყო და ახლა მინდა ის დრო ავინაზღაურო და ბევრი ვხატო.
რაც შეეხება ნახატების გაყიდვას, იშვიათად ვყიდი. ძირითადად სოციალური ქსელით“,-
განაცხადა ანა პაპაშვილმა.