საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეირჩა და გამოქვეყნდა მერვე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
უწყების განმარტებით, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 22 თებერვალს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონების 88 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, დედოფლისწყარო – 13, სიღნაღი – 1, ლაგოდეხი – 5, ახალციხე – 2, ნინოწმინდა – 1, ბორჯომი – 24, დმანისი – 19, მარნეული – 6, ხობი – 4, წალენჯიხა – 1, ვანი – 6, ჭიათურა – 2, ზესტაფონი – 1, ლანჩხუთი – 3.
„2022 წლის 28 მარტიდან სააგენტომ შეარჩია და შვიდ ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები. ჯამში, ინტერესი გამოიხატა 212 კოდზე და მასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიგზავნა ქონების ეროვნულ სააგენტოში. პირდაპირი წესით გადაცემას დაექვემდებარა 119 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 12 650 ჰა; ხოლო აუქციონის წესით გადაცემას – 93 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 14 495 ჰა. ქონების ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულია აუქციონები 86 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობით 133 271 ჰა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 47 (6 318 ჰა.) მიწის ნაკვეთზე“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. სამინისტროს განმარტებით, პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.