,,მთავარია, იცი, სად ეძებო ჩახუტება“ – ახალგაზრდებმა ახალსოფელში შარფების წარმოება დაიწყეს
ყვარელში, სოფელ ახალსოფელში, ახალგაზრდებმა სოციალური საწარმო შექმნეს და შარფების წარმოება დაიწყეს. ამბობენ, რომ მათი მიზანი სოფელში ყოველდღიურობის შეცვლა იყო.
დებმა, თეკლა და თათია სვიმონიშვილებმა, დიდი ხნის ჩანაფიქრი აისრულეს და სოფელში ხანდაზმულებისთვის დასაქმების სივრცე შექმნეს.
როგორც დები knews.ge-სთან საუბარში აცხადებენ, კერვა ბავშვობიდან უყვარდათ და ეხერხებოდათ. ახლა კი საწარმო ,,შალში“ ფერადი ქსოვილებიდან შარფებს კერავენ.
,,არც სივრცე გვქონდა და არც საკერავი მანქანები, მხოლოდ იდეა და მიზანი, რომ გაგვეკეთებინა ის რაც დიდი ხანია გვინდოდა. მე და ჩემი და სტუდენტები ვართ, თუმცა ვაპირებთ, რომ დავბრუნდეთ სოფელში და აქ ვიცხოვროთ. მე და ჩემმა დამ, თეკლამ, გადავწყვიტეთ ყოველდღიურობა შეგვეცვალა და გაგვეკეთებინა ისეთი სოციალური საწარმო, რომელიც იზრუნებდა მოხუცებზე. ამისი ინსპირაცია კი გახდა ,,ცოდნის კაფე“ _თუ როგორ ქმნიდნენ 60+ კლუბს და ჩვენც მოგვინდა, რომ ახალსოფელში მცხოვრებ მოხუცებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, პირველ რიგში ერთმანეთს გაცნობოდნენ და შემდეგ უკვე გაგვეცნო ყველასთვის, როგორი კარგი მოხუცები გვყავს რეალურად. გავიარე საერთაშორისო სკოლა ნანა ბაგალიშვილის დახმარებით და მოვიპოვე გრანტი, რითიც ვიყიდეთ ჩვენი პირველი საკერავი მანქანა“, – აცხადებს „შალის“ თანადამფუძნებელი თათია სვიმონიშვილი.
მიუხედავად ბევრი გამოწვევისა და დაბრკოლებისა, შეძლეს რომ შეექმნათ სივრცე, სადაც სოფელში მაცხოვრებელი ხანდაზმულები თავს მშვიდად იგრძნობდნენ და ექნებოდათ შემოსავლის წყარო.
,,ხანდაზმული თანასოფლელების დასაქმებით, ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ ადამიანების განვითარება, დასაქმება არასდროს არის გვიანი. ადამიანი თუ მოისურვებს, თავიანთ გარშემო ყველაფერს განავითარებს. თავდაპირველად წარმოება დავიწყეთ თბილი შარფებით და ამჯერად ვყიდით მხოლოდ ამ შარფებს, ონლაინ., თუმცა, მიწოდება გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით. შევეცადეთ, რომ ფასიც მისაღები ყოფილიყო ყველასთვის.“
სოციალურ საწარმოში უკვე დაასაქმეს ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამს.
,,გვერდში მიდგანან ახალგაზრდები, მოდელებად დამეხმარნენ, ფეისბუქზე, ასევე ინსტაგრამზე, მეხმარებიან, რომ ვიყოთ სოციალურად აქტიურები, აუცილებლად გავაგრძელებთ აქტივობებს, არ გავჩერდებით. ჩემი აზრით ვიქნებით ერთ-ერთი მისაბაძი სოციალური საწარმო ყველასთვის“.
,,შალი“ პირველი სოციალური საწარმოა ყვარლის მუნიციპალიტეტში, რომელიც ხანდაზმულების დასაქმებაზე იზრუნებს.
,,მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ, თუ რაიმეს დაისახავენ მიზნად, არ გაჩერდნენ, და მიყვნენ საკუთარ იდეებს“.

