ახალი ამბები

სოფელ კაბალის ბაზარში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ საინფორმაციო აქცია გაიმართა- ფოტოები

„უფლებები საქართველოსა“ და „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულენოვან სოფელ კაბალის ბაზარში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. გასვლითი შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დაარიგეს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული ბროშურები, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ჩაატარონ სოფლის საერთო კრება, მოამზადონ და წარადგინონ პეტიცია, ჩაერთონ მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ სათათბირო ორგანოების საქმიანობაში, დაესწრონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს, მოისმინონ მერის და საკრებულოს წევრთა ანგარიშები, ჩაერთონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში და სხვა.

კაბლის ბაზარში გამართულ კამპანიაში მონაწილეობდნენ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები.

“კამპანია, რომელიც მოეწყო კაბლის ბაზარში და რომელიც მოიცავდა ადამიანებისათვის ბუკლეტების დარიგებასა და ინფორმირებას საკუთარი უფლებების შესახებ ვფიქრობ კარგად ჩაიარა. დარიგდა ბუკლეტების დიდი ნაწილი და დიდი იმედი მაქვს ბევრიც დაინტერესდა ამით… ჩემთვის ეს აქცია საკმაოდ საინტერესო და ინტერაქტიული პროცესი იყო,“- განუცხადა „კახეთის ხმას“ გოჩა ჯამასპაშვილმა, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრმა.

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლის ნინო მოდებაძის თქმით- „ადამიანები ინტერესით მოეკიდნენ პროცესს, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ სულ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის ჩართულობა სამოქალაქო პროცესებში გაიზარდოს.“

“კაბლის ბაზარში ჩვენი ,,კამპანია” ვფიქრობ საზოგადოებას დაეხმარება ყოფითი პრობლემების მოგვარებაში თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრების დადებითად შეცვლა ვფიქრობ უკვე მიზნის მიღწევაა. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის ამ ადამიანებთან შეხვედრა. მიხარია რომ კითხვებს სვამდნენ და ცდილობდნენ დეტალურად გაერკვიათ ბუკლეტის შინაარსი. ზოგი თვითონ მოდიოდა ინიციატივით რომ ბუკლეტი გამოერთმია და გაეგო რაზე ვსაუბრობდით. ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის მათი ემოციები და მათი ღიმილი არასდროს დამავიწყდება. ძალიან მიხაროდა როცა გვეუბნებოდნენ რომ ზუსტად ახლა სჭირდებოდათ ჩვენი დახმარება და შეკითხვები აღარ დარჩათ.“- ამბობს ნათია გამეზარდაშვილი, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრი.

ეთნიკური უმცირესობების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრი ელვინ თაღიევი განმარტავს: „აღნიშნული აქტივობის ჩატარების მიზანი იყო, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეების აქტიურად ჩართულობის გაზრდისათვის. მიმაჩნია რომ მსგავსი კამპანიების ორგანიზებით საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობას მნიშვნელოვნად შევამცირებთ. კამპანია ჩატარდა, ოპერატიულად და საკმაოდ პოზიტიურად.“

გასვლითი შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა ადგილობრივებს უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და მსურველებს ადგილზე სთავაზობდნენ სამართლებრივ კონსულტაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2022 წლის ოქტომბრიდან სთავაზობს უფასო სამართლებრივ კონსულტაციას სამართლის ნებისმიერ საკითხზე, ძალადობის და დისკრიმინაციის საკითხებზე კი უფასო წარმომადგენლობას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
უფასო სამართლებრივი კონსულტაციების ან სამართლებრივი დახმარების მიღება მოქალაქეებს შეუძლია „უფლებები საქართველოს“ იურიდიული დახმარების 24/7 ცხელი ხაზის 557 000 345 საშუალებით.