თელავში მცხოვრები ახალგაზრდას ინოვაციური დიზაინით შექმნილი ავეჯი, შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს
თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდამ დავით ბოჭორიშვილმა, სტარტაპ ბიზნესი „დაჯე“ გასულ წელს შექმნა. მის მიერ წარმოებული სკამები ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვაშია.
მისი თქმით, ეკოლოგიურად სუფთა სკამების დიზაინი მამასთან ერთად შეარჩია. ,,დაჯეს” ბრენდის ქვეშ წარმოებული ორი სახის ე.წ. ტაბურეტი, ლამაზი ჩანთით და კომპაქტური ზომებით გამოირჩევა.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. მისი ინფორმაციით, კომპანია განვითარების საწყის ეტაპზეა და საბავშვო ავეჯთან ერთად სხვადასხვა ავეჯის წარმოებაზე მუშაობს, რისთვისაც ევროპულ ნედლეულს იყენებენ.
„80-იანების ბოლოს მამაჩემმა ოთარ ბოჭორიშვილმა, რომელიც სამრეწველო დიზაინერია, ექსპერიმენტირების დროს მიაგნო ფანერისგან ავეჯის დამზადების უნიკალურ მეთოდს. დაამზადა პირველი პროტოტიპი, რომელიც აწყობისას არ საჭიროებდა დამატებით შემაერთებლებს: შურუფს, ლურსმანს და წებოს. ამასთანავე იყო ძალიან გამძლე, მარტივად მოსახმარი და დამზადებისას თითქმის არ ტოვებდა ნარჩენებს. თავის დროზე მცირე რაოდენობით გაიყიდა კიდეც და იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ დღემდე არის ბევრ ოჯახში იდეალურ მდგომარეობაში შემონახული. მოკლედ ამ 90-იანი წლების დროს ეს წამოწყება მივიწყებას მიეცა. დაახლოებით 1 წლის წინ კი, საუბრისას გავიხსენეთ ეს და მაშინ გამიჩნდა იდეა უფრო დაგვეხვეწა დიზაინი, თანამედროვე მოთხოვნებისთვის და ბაზრისთვის მოგვერგო და ამ საქმეს დავბრუნებოდით. სახელი ,,დაჯე” ჩემი ბავშობიდან ავიღე. პატარა რომ ვიყავი სკამს დაჯეს ვეძახდი. ახლა უკვე გვაქვს ,,დაჯეს” ორი სახის ტაბურეტი, თავისი ლამაზი ჩანთით და კომპაქტური ზომებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ავეჯი გლოვოს კურიერსაც კი გავატანოთ მყიდველთან. გარდა ამისა, თავად მომხმარებელს შეუძლია ყველგან ატაროს და კომპაქტურადაც შეინახოს მაშინ როდესაც არ იყენებს”,- განუცხადა Knews.ge-ს დავით ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „დაჯე“ ბაზარზე 1.5 წელია რაც გამოჩნდა. საწარმო კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს და სამ ადამიანს ასაქმებს. კომპანიის წლიური ბრუნვა კი 7 ათასიდან 10 000 ლარამდეა.