სანქცირების რა მექანიზმი არსებობს, თუ ონალაინ მოვაჭრე პროდუქციაზე ფასს არ უთითებს
პროდუქციის განთავსებისას ონლაინ მოვაჭრე ვალდებულია მიუთითოს ფასი. მომხმარებელთან მოვაჭრის ურთიერთობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს, აღმასრულებელი კი კონკურენციის სააგენტოა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მომხმარებლების მხრიდან არა ერთი კითხვა გაჩნდა, ვინ არის პასუხისმგებელი ზედამხედველობაზე, ვის და როგორ უნდა მიმართოს მომხმარებელმა და როგორია საქნცირების მექანიზმი.
სააგენტოს მიერ მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის საფუძველი:
განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ.
ამის შემდებ, სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირის/პირების ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა, დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება.
სააგენტოს მიერ მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის დაწყების საფუძველია გონივრული ვარაუდი, რომ ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა, მიადგეს.
სააგენტოსთვის მიმართვის ვადა : კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არაუგვიანეს 2 წლისა.
სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები: სააგენტო მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების თაობაზე ან დავის მიზეზის არარსებობის შესახებ.
სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ხოლო საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა
სააგენტოს გადაწყვეტილება: მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას:
ა) დარღვეული უფლების აღდგენას;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.
ჯარიმა: სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს.
იმ შემთხვევაში, თუ დაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. მოვაჭრის მიერ დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა ორმაგი ოდენობით. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან. მოვაჭრე ვალდებულია ჯარიმა მისი დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხადოს.
სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კი, როგორც მომხმარებელს, ასევე ონლიან მოვაჭრეს 30 დღის ვადაში შეუძლია.