ახალი ამბები

სოფელ ველისციხეში მიწის ქვეშ, ძველი ნაგებობა იქნა აღმოჩენილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, მიწის ქვეშ, ძველი ნაგებობა იქნა აღმოჩენილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ნაგებობა კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს იქნა აღმოჩენილი. შენობის კედლები აგურით არის ნაგები, რომელშიც თაღოვანი ნიშებია დატანებული. ერთ ნიშაში კი ადამიანის ძვლები არის აღმოჩენილი. ნაგებობა სავარაუდოდ რამდენიმე საუკუნის წინანდელია.

,,მონიტორინგი ჩავატარე, სოფელ ველისციხეში მიმდინარე მიწის სამუშაოებზე. კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა, აგურით ნაგები შენობის კედლები, რომელშიც რამოდენიმე თაღოვანი ნიშებია დატანებული. ერთ ნიშაში ძვლები იყო შელაგებული. აღმოჩენის გამო სამუშაოები დროებით შეჩერდა, დავუკავშირდი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კახეთის ფილიალის თანამშრომლებს და ვაცნობე ახალი აღმოჩენის შესახებ. ველოდებით, სააგენტოს თანამშრომლების ველისციხეში ჩამოსვლას, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ძველი ნაგებობის ფრაგმენტებს.

სოფელი ველისციხე ისტორიულ წყაროებში (ქართლის ცხოვრება, ჯუანშერი) ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან მოიხსენიება, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი კახეთში. აღსანიშნავია, რომ ველისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, სოფელი გახდება ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი ცენტრი კახეთში”,- განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ველისციხის 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციასაც, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის ბიოლოგიური გამწმენდი.

ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ქალაქების მდგრადი განვითარების პროგრამის (Livable cities) ფარგლებში მიმდინარეობს. ველისციხის ურბანული განახლების პროექტის ღირებულება 30 386 078 ლარია, სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება.