ბექა ფერაძე -სამედიცინო სფეროში მინიმალური ხელფასის დარღვევა და ხელშეკრულებაში პოზიციის ცვლილება დაფიქსირდა
გამოწვევები, რომლებიც სამედიცინო სფეროში დაფიქსირდა და საჩივრები, რომლებიც შრომის ინსპექციის სამსახურში შემოდიოდა, მინიმალური ხელფასის დარღვევას და ხელშეკრულებაში პოზიციის ცვლილებას უკავშირდებოდა, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ ექთნებისა და ექიმებისათვის მინიმალური ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბექა ფერაძემ დაინტერესებულ პირებს მოუწოდა, შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე ან შრომის ინსპექციის სამსახურს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დაუკავშირდნენ.
„ჯანდაცვის სამინისტრო შრომითი მიმართულების სხვადასხვა რეფორმაზე აქტიურად მუშაობს. ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ტარიფები განისაზღვრა. ჩვენ, პირველ ეტაპზე, ასი სამედიცინო დაწესებულება შევამოწმეთ, თუმცა კიდევ რამდენიმე ასეული უნდა შევამოწმოთ. გამოწვევები, რომლებიც სამედიცინო სფეროში დაფიქსირდა და საჩივრები, რომლებიც შრომის ინსპექციის სამსახურში შემოდიოდა, მინიმალური ხელფასის დარღვევას და ხელშეკრულებაში პოზიციის ცვლილებას უკავშირდებოდა. ჩვენი ჩართულობით, ეს პრობლემები აღმოიფხვრა. მე მინდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოვუწოდო, რომ თუ მათი შრომითი უფლებები ირღვევა, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 75 და მოგვაწოდონ ინფორმაცია. ასევე, შეუძლიათ ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე მოგვწერონ”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.