კახეთში მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების დასახმარებლად, ტანსაცმელი და საკვები გროვდება
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 16 035-ს მიაღწია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სირიაში სტიქიას მინიმუმ 3 162 ადამიანი ემსხვერპლა, თურქეთში კი დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 12 873-მდე გაიზარდა.
რამდენიმე ათეული ქვეყნიდან. მათ შორის საქართველოდანაც მაშველების გაგზავნის პარალელურად, რომლებიც გაწმენდით და სამაშველო საქმიანობებში იღებენ მონაწილეობას, გაჩნდა პირველადი მოხმარების ნივთების და პროდუქტების გაგზავნის საჭიროებაც, აღნიშნულ საკითხზე განცხადება საქართველოში თურქეთის საელჩომ გააკეთა.
საელჩოს ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულებს ესაჭიროებათ თბილი ტანსაცმლი და პირველადი მოხმარების საგნები. სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ტანსაცმელი და სხვადასხვა საგნები გროვდება თელავშიც. საელჩოს ინფორმაციით, მოქალაქეებს ვისაც სურვილი აქვთ, მითითებულ მისამართებზე შეუძლით მიიტანონ: ქურთუკი-პალტო, საწვიმარი, ჯემპრი, ხელთათმანი, შარფი – კაშნე, ბერეტი, წინდა,საბანი, საძილე ტომარა, საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები), ბავშვთა კვება, ბავშვის საფენები, დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები, ქალის ჰიგიენური პაკეტები და სხვა.
მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, სხვადასხვა სახის პროდუქტები და ტანსაცმელი კარდაკარ, სოფლებში სიარულით მოაგროვა ლაგოდეხში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ნიკა გოგოლაძემ.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის საკვების და არამალფუჭებადი პროდუქტის მოგროვებაა.
,,ტანსაცმელს და სხვადასხვა საჭირო ნივთებს სოფლებში ვაგროვებ. მივდივარ კარდაკარ და მომაქვს ის ნივთები რასაც მატანენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად მრავალფეროვანია. ძალიან აქტიურობს სოფელ კაბლის მოსახლეობა, სხვა სოფელდი მცხოვრებლები და ლაგოდეხში მცხოვრები პაკისტანელები.აქტიურობა ნამდვილად არის. ამ ეტაპზე რაც ყველაზე მეტდ გვჭირდება ესაა ბავშვის საკვები, არამალფუჭებადი პროდუქტი და ჰიგიენის ნივთები”,– განუცხადა knews.ge-ს ნიკა გოგოლაძემ.
ნიკა გოგოლაძეს მსგავსად, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი მოაგროვა ლაგოდეხში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ანა გელაშვილმა. მან 40 ყუთი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გააგზავნა კონკრეტულ პირთან, რომლის დახმარებითაც ის თურქეთში გაიგზავნება.
,,დასაწყობებული მქონდა 40 ყუთი ქალის, კაცის, ბავშვების ტანსაცმელი, ქურთუკები, შარვლები, თბილი ჯემპრები. თავიდან მე დავიწყე შეგროვება, მაგრამ შემდეგ ჩემი მეუღლე ჩაერთო, გვეხმარება დედაჩემიც. გარდა ამისა, ჩემი შვილის კლასელებმა და სკოლამ მოაგროვეს. ისინი ყველა აქტივობაზე გვედით მიდგანან. როცა მოვაგროვე ტანსაცმელი და პროდუქტი, ერთ ქალბატონს დავუკავშირდი, რომელმაც მითხრა, რომ თბილისიდან დიდი ტრაილერები გადის. მოგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი გააქვს და მას გავუგზავნე. გარდა ტანსაცმლისა, სტიქიით დაზარალებულებს სჭირდებათ ბავშვის საკვები, პამპერსები, სველი ხელსახოცები”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ანა გელაშვილმა.
მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების საგნები გროვდება თელავშიც. პროდუქტებს და ტანსაცმელს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები გვანცა მოლაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი და ირინა ჯანდიერი გვერდის ,,ვიჩუქებ/გავაჩუქებ” დახმარებით და სამაგიდო თამაშების კლუბის, ,,თავსატეხის” ოფისში მეგობრებთან ერთად აგროვებენ. (ტელ:598191096, 577642208. მისამართი: ერეკლე მეორის #6 ა)
ირინა ჯანდიერის თქმით, ამ დროისთვის მოგროვილია ტანსაცმელი და არამალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც ხვალ თურქეთის საელჩოში გაიგზავნება, საიდანაც შემდეგ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თურქეთში წავა.
,,ძირითადად ტანსაცმელია და არამალფუჭებადი პროდუქტები მოგროვილი. ზოგს ადგილზე მოჰქონდა, ზოგს კი ვისაც არ ჰქონდა საშუალება ჩვენამდე მოსვლის, მივდიოდით და ჩვენ მოგვქონდა. საკმაოდ ბევრი ტანსაცმელია მოგროვილი ქურთუკები, ფეხსაცმელები, თბილი ტანსაცმელი, საძილე ტომრები და დაკონსერვებული საკვები. დაგეგმილი გვაქვს, რომ ხვალ გავგზავნოთ თურქეთის საელჩოში, მათ მიერ გამოქვეყნებულ მისამართზე”,- განუცხადა knews.ge-ს ირინა ჯანდიერმა.
პროდუქტების და ტანსაცმლის შეგროვების კამპანია დაიწყო გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. ინიციატივის ავტორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” რეგიონალური წარმომადგენელის ნანა დევიძეს თქმით, მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მისი თქმით, ტანსაცმლის და პროდუქტის შეგროვება ორშაბათიდან დაიწყება მისამართზე: ქ.გურჯაანი,ნონეშვილის #12.
,,ყველას გვაქვს სახლში ნივთები, რომლიც გაგვემეტება კეთილი საქმისთვის. ვისაც სურვილი აქვს დახმარება გაუწიოს მიწისძვრით დაზარალებულ ადამიანებს, ნივთების შეგროვება შეგვიძლია – სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონულ ოფისში. განცხადება დავდე ჩემს გვერდზე და ბევრი დახმარების მსურველი მწერს. პროდუქტების ოფისში მიღებას ორშაბათიდან დავიწყებ”-განუცხადა knews.ge-ს ნანა დევიძემ.
რამდენიმე ტრაილერი სხვადასხვა სახის ტვირთი, ტანსაცმელი, საბნები, ლეიბები და ბალიშები მოგროვდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ იორმუღანლოს თემის სოფლებში.სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად ყველა ასაკის ადამიანი გაერთიანდა. ადგილობრივების თქმით, ზოგს მანქანით, ზოგს კი ხელით მიაქვს ტანსაცმელი და პროდუქტები.
,,იორმუღანლოს ბაზრის ტერიტორიაზე გროვდება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სხვადასხვა სახის ნივთები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. რამდენიმე ტრაილერი გაივსება იმდენი ტვირთია მოტანილი. ხვალამდე ვაგროვებთ და შემდეგ გავაგზავნით”,-განუცხადა knews.ge-ს იორმუღანლოში მცხოვრებმა ხალილ მამადხალილოვმა.
ვიდეო: ბეჰმან სულეიმანოვი.
მსურველებს შეუძლიათ დახმარება ასევე მიიტანონ საქართველოში, თურქეთის საელჩოს მიეერ გავრცელებულ შემდეგ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე:
1- თურქეთის საელჩო
ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
Embassy.tbilisi@mfa.gov.tr
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198
ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560
2- GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი
gurtiad@gurtiad.ge
მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
3- MÜSİAD
ი. ჭავჭავაძის პრ. #37
Musiadtbilisi@hotmail.com
ხათუნა: 557 505 946
4- შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი
ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი
ისა ალთუნი: 577 562 007