მთავრობა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ხარისხის კონტროლს იწყებს
სახელმწიფო ელექტრომოწყობილობების ბაზრის კონტროლს იწყებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკო ფილფანმა განაცხადა, ახალი რეგულაცია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებით, მიმდინარე წელს, სავარაუდოდ დაახლოებით ორ თვეში ამოქმედდება. გარდამავალ პერიოდში, რაც ერთი წლის ან წლინახევრის განმავლობაში გაგრძელდება, კომპანიებზე სანქციები არ იმოქმედებს, თუმცა მათთვის სტანდარტების შესრულების ვალდებულება გავრცელდება. დარღვევებზე კი მხოლოდ რეკომენდაციებს მიიღებენ.
გარდამავალი პერიოდის შემდეგ კი უკვე სანქციები ამოქმედდება. ესაა პროდუქტის განადგურების ვალდებულების დაკისრება და ბაზრიდან ამოღება, ასევე უკვე გაყიდული საქონლის მომხმარებლისგან გამოთხოვა. სანქციები დარღვევის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შემოწმების ხარჯებს ეკონომიკური ოპერატორი აანაზღაურებს.
ამ ეტაპზე სახელმწიფო ხარისხის კონტროლს ახორციელებს ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა სათამაშოები, გაზის მოწყობილობები – ე.წ. „კალონკები,“ „ბოილერები,“ გაზის გამათბობლები, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – ჩაფხუტები, სიმაღლეზე მუშაობის მოწყობილობები, მოწმდება სამშენებლო პროდუქტებიც – არმატურა, ცემენტი, პლასტმასის მილები, გიფსოკარდონი, მანქანადანადგარები – როგორიცაა დრელი და ა.შ.
მომდევნო ეტაპზე კი გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობების ზედამხედველობა – ესაა საოჯახო ტექნიკა, მაცივრები, სარეცხის მანქანები, მიკროტალღური ღუმელები, ფენები, უთოები და სხვა.