ენერგოკომპანიებს ძველი მრიცხველების “ჭკვიანი მრიცხველებით” ჩანაცვლება დაევალებათ
სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ოქტომბრამდე აშენებულ და ექსპლუატაციაში შესულ შენობებში ძველი მრიცხველები ახალი, ჭკვიანი მრიცხველებით უნდა ჩანაცვლდეს.
ეს ვალდებულება ენერგოკომპანიებს ექნებათ. როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განმარტა, ცვლილება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.
“ჭკვიანი მრიცხველი ეს არის ელექტრონული მრიცხველი. თბილისში ამ პერიოდამდე 5 000 -ზე მეტი ასეთი საყოფაცხოვრებო მრიცხველია დაყენებული. ამის ნახევარზე მეტი კი კომერციულ ობიექტებშია დამონტაჟებული. სმარტ მრიცხველები ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა, როგორც ენერგოკომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. მომხმარებელს შეუძლია, ელექტრონულად შევიდეს თავისი აბონენტის ნომერზე და შეამოწმოს დღეის მდგომარეობით რა მოცულობის ელექტროენერგია აქვს მოხმარებული. გარკვეული ანალიტიკის გაკეთების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ენერგოკომპანიის სარგებელს, მათი თანამშრომლები ყოველი თვის ბოლოს ჩამოივლიდნენ, ამ მონაცემებს ხელით იწერდნენ, ზოგ შემთხვევაში იყო შეცდომებიც და ამის თავიდან კორექტირება ხდებოდა საჭირო. ჭკვიანი მრიცხველები ამ ყველაფერს ავტომატურად აკეთებს. ავტომატურად მოაქვს მოხმარების შესახებ მონაცემები, ამუშავებს, ახდენს დარიცხვას და SMS-ის გაგზავნას.
ჩვენ ახლა ენერგოკომპანიებს მოვთხოვეთ და მათთან ერთად შევითანხმებთ მომდევნო რამდენიმე წლის სამოქმედო გეგმას, როდესაც მათ უნდა გამოცვალონ მოძველებული მრიცხველები და ეტაპობრივად უნდა დაყენდეს ჭკვიანი მრიცხველები”,- აღნიშნა ნარმანიამ.
ცნობისთვის, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული ახალი კორპუსები ელექტროენერგიის ჭკვიანი მრიცხველებით აღიჭურვა.