რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი- თელავში შეხვედრა გაიმართა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ჩაატარა რეგიონული შეხვედრა თელავში „რუსეთის აგრესია უკრაინაში – წინააღმდეგობის ერთი წელი“.
2023 წლის თებერვალს ერთი წელი შესრულდება, რაც რუსეთმა გააძლიერა საომარი მოქმედებები უკრაინაში და სულ უფრო მეტად ცდილობს დაარღვიოს ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. უკრაინელების მტკიცე და მოულოდნელი წინააღმდეგობის შედეგად უკრაინელმა ხალხმა განდევნა აგრესორი ძალები იმ მრავალი ტერიტორიიდან, რომელიც რუსეთის არმიამ დაიკავა.
თუმცა, ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია და უკრაინის ტერიტორიები კვლავ ოკუპაციის ქვეშაა. ორივე მხარე ემზადება ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის, რომელმაც შესაძლოა ახალი დინამიკა შემატოს ბრძოლის ველს მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ერთწლიანმა ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა და არსებული საგარეო პოლიტიკური დოქტრინა.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, სწორედ ამ მიზნით, საჭიროა საფუძვლიანად განვიხილოთ გასული წლის გამოცდილება და სამომავლო სცენარები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ომში მყოფი უკრაინის პოზიციებისა და პერსპექტივების შესახებ, რომელიც ხშირად არასწორად იყო წარმოდგენილი. საჭიროა, განვიხილოთ ამჟამინდელი საერთაშორისო პოლიტიკური და უსაფრთხოების მდგომარეობა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, რომელიც ბოლო დროს უპრეცედენტო დაძაბულობისა და შეტევის ქვეშ მოექცა.