ახალი ამბები

სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებლები-სოფლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები არასწორად არის შედგენილი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერილი და პრიორიტეტულად მიჩნეული პროექტის დაფინანსებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პრობლემების გამოსავლენად, რამდენიმე დღეა დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები. მერიის ოფიციალურ გვერდზე კი გამოქვეყნებულია შეხვედრების ჩატარების განრიგი, თუმცა როგორც იორმუღანლის თემში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს,დაგეგმილი შეხვედრები არასწორად არის შედგენილი. ადგილობრივების თქმით, სოფლებში შეხვედრის ჩატარების კონკრეტული ადგილების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

„ვინც არ იცნობს ჩვენს სოფლებს გეტყვით, რომ თულარსა და კაზლარის შორის მანძილი არის 1 საათი. დაუშვათ ვარ თულარში ან კაზლარში მცხოვრები და მინდა დავესწრო სოფლის კრებას, სად დავდგე? თულარში თუ კაზლარში. საერთოდ მუღანლოში სად დავდგე, ქეშალოში სად? ესენი თუ თვითმფრინავით არ დადიან რას მოასწრებენ თვითოეულ სოფელში 15 წუთიანი შეხვედრებით? მივმართავ ჩვენს მერს: გთხოვთ გადახედეთ და თავიდან ჩანიშნეთ ეს შეხვედრა., სადაც ჩატარდება შეხვედრები, გთხოვთ, ზუსტად დაწერეთ, ასევე გთხოვთ, ის ინფორმაცია გადათარგმნეთ ჩვენს ენაზე, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ინფორმაციის მიღება” – აცხადებს ადგილობრივი ახალგაზრდა, თოზუ გულმამედლი.

როგორც knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მოსახლეობის ინფორმირებას შეხვედრების ჩატარებამდე, სოფლებში მერის წარმომადგენლები ახორციელებენ, გარდა ამისა, თავშეყრის ადგილებში გამოქვეყნებულია განცხადებები სადაც აღნიშნულია დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დეტალები.

„5 წელია ასე გვაქვს პრაქტიკაში, ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს, ხმის მიცემის პროცესს და ყველა ჩასატარებელ აქტივობას ვასწრებთ. რაც შეეხება შეკრების ადგილებს, რწმუნებულები აკრავენ განცხადებებს და მაქსიმალურად ზრუნავენ მოსახლეობის ინფორმირებაზე“,– განაცხადეს მერიაში.