ლაგოდეხში ახალგაზრდებმა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფი შექმნეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფი შექმნეს.
საინიციატივო ჯგუფის მიზანია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და უფლებების დაცვა. ამ მიზნით, ახალგაზრდები აქტიურად იმუშავებენ ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებას და ინიციატივებს, საჭიროების შემთხვევაში მოამზადებენ პეტიციებს.
ჯგუფის წევრები არიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვით დაინტერესებული ახალგაზრდები. ჯგუფში გაწევრიანება არის ნებაყოფლობითი.
საინიციატივო ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან, მერის მოადგილესთან, ნინო ბატიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, კარლო ჯამბურიასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები, ასევე ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გზები. საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.