პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე – ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა
მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება,- ასე ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს.
როგორც ჰერჩინსკი აცხადებს, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და, ევროკავშირი მზად არის საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს.
„ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხს 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია”,– პაველ ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში.
დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას. წესები იცავს მომხმარებლებს და მხარს უჭერს თანამედროვე სერვისების უნივერსალურ ხელმისაწვდომობას.