ევროკავშირი მიგრანტების მიღების წესებს ამკაცრებს და დეპორტაციას ამარტივებს
ევროკავშირი იმ მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს, რომელთა განაცხადი თავშესაფრის ან რეგულაციის თაობაზე უარყოფილი იქნება. მიგრაციის პოლიტიკის შესახებ წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხუთშაბათს სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
მომდევნო არაფორმალური შეხვედრა 10 თებერვალს ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს მეთაურის შეკრების წინ გაიმართება, სადაც დღის წესრიგში მიგრაციაც დადგება.
შეხვედრის ბოლოს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა ილვა იოჰანსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გასულ წელს ევროკავშირში არალეგალურად 300 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა, თავშესაფრის თაობაზე კი 924 000 განაცხადი იყო შესული.
”ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ მეტი განაცხადი გვაქვს თავშესაფრის შესახებ, ვიდრე არარეგულარულ ჩამომსვლელების რაოდენობაა”, – განაცხადა იოჰანსონმა და დასძინა, რომ ამ მიგრანტების უმეტესობას არ სჭირდება საერთაშორისო დაცვა.
შვედეთის მიგრაციის მინისტრის, მარია მალმერ სტენერგარდის თქმით კი, ახლა ბევრ ქვეყანაში უფრო მეტი ლტოლვილია, ვიდრე 2015 და 2016 წლებში იყო. მისი განცხადებით, რეადმისიის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მესამე ქვეყნების თანამშრომლობის სისუსტეა.
მისი თქმით, ამ მექანიზმის მიხედვით, ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს მესამე ქვეყნების თანამშრომლობის დონეს რეადმისიის სფეროში და ანგარიშს ევროპარლამენტს წარუდგენს.
ცნობისთვის, ევროკომისიის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 923,991 თავშესაფრის მოთხოვნა დარეგისტრირდა, რაც 2021 წელთან შედარებით 46,5-ით მეტია.
პირველ ადგილზე ამ მხრივ გერმანია იყო – ქვეყანამ 226,467 განაცხადი მიიღო. მეორე ადგილზე საფრანგეთი გავიდა 154 597 განაცხადით, შემდეგ კი ესპანეთი (116 952) და ავსტრია (108 490) მოდის.