ახალი ამბები

საფლავების დასუფთავების ონლაინ სერვისი კახეთში ერთ თვეში ამოქმედდება

ერთ თვეში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში საფლავების მოვლის და დასუფთავების ონლაინ სერვისი ამოქმედდება. აღნიშნულ პროექტს სტარტაპი „სა-და“ ახორციელებს. სტარტაპის დამფუძნებლები არიან ახალგაზრდები: გიორგი მაისურაძე, ელენე მაისურაძე, გიორგი ადუაშვილი, მარიამ ოსიაშვილი, ნათია სააკაშვილი და ფიქრია მაისურაძე.

დამფუძნებელი მარიამ ოსიაშვილი knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის მომზადებულია სათანადო ბაზები, შექმნილია ციფრული ვებ-პლატფორმა და სატესტო რეჟმში მუშაობს. მისივე თქმით, ასევე შექმნილია სოციალურ ქსელში გვერდი, რომლის საშუალებითაც ისინი შეკვეთებს მიიღებენ. ეს სერვისი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ახლობლების საფლავები მუდმივად მოვლილი ჰქონდეს. ამას კი დროის სიმცირის, ასაკის, სტრესის, მანძილის ან ტრანსპორტის უქონლობის გამო ვერ ახერხებს.

ახალგაზრდებმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა და 30 000 ლარიანი გრანტი მოიგეს, რომელიც საქმიანობის დროულად დაწყებაში დაეხმარებათ.

,,ეს საკითხი ყველა ოჯახს ეხება. არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ ჰყავს ახლობელი გარდაცვლილი. თავდაპირველად ეს იდეა როცა მოვიდა, დავამუშავეთ, მივიღეთ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და მოვიპოვეთ გრანტი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სერვისი საქართველოში არ არსებობს. ევროპაში კი ეს სერვისი კარგად მუშაობს.

პირველად მუშაობას დავიწყებთ კახეთის რეგიონში. საფლავის დამსუფთავებელის პოზიციაზე გვაქვს უკვე ვაკანსიები გამოცხადებული და ნებისმიერ პირს ჩვენს გვერდზე შეუძლია იპოვოს და შეავსოს ვაკანსიაზე განაცხადი. მუნიციპალიტეტებში მინიმუმ 15 ადამიანს დავასაქმებთ. მათი რაოდენობა დაკავშირებული იქნება მუნიციპალიტეტის სოფლების რაოდენობაზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი მუდმივად არ იქნებიან დატვირთულები და ნებისმიერ სამუშაოს შეუძლიათ შეუთავსონ ჩვენთან საქმიანობა. ყველაფერი შეკვეთების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

ამ დროისთვის მზად არის საიტი და სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდი და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ერთ თვეში, საიტი გაიმართება და დავიწყებთ აქტიურად მუშაობას. ახლა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს ვებ-გვერდის მუშაობა. გარდა ამისა, ასევე ვგეგმათ ხელოვნური ყვავილების კულტურა დავამკვიდროთ. სხვა ქვეყნებში გადაფერადებულია ყოველ სეზონზე საფლავები და აქაც შესაძლებელია ყვავილების ასე გამოყენება”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას მარიამ ოსიაშვილმა.

მისივე თქმით, შეკვეთების მიღება და თანხის ონლაინ გადახდა მარტივად იქნება შესაძლებელი. ონლაინ მოხდება ასევე დამკვეთისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ჩაბარებაც.

,,მომხმარებლები საიტზე რომ შემოვლენ, პირველ რიგში ნახავენ ჩვენს შესახებ ინფორმაციას, ასევე იქნება სასურველი სერვისის არჩევის შესაძლებლობა. როცა აირჩევს სერვისს, აირჩევს მუნიციპალიტეტს, ადგილმდებარეობას, ექნება იმის საშუალება რომ შემდეგ მიაბას საკუთარი ბარათი მარტივად და ერთი კლიკით გადაიხადოს მომსახურების თანხა. გვექნება ერთჯერადი და ერთწლიანი მომსახურების პაკეტები. ერთწლიანი პაკეტების შეძენა უფრო უმარტივებს იმ ადამიანებს საქმეს, ვისაც სურთ მუდმივად სუფთა ჰქონდეთ ახლობლების საფლავები.

გარდა ამისა გვაქვს სხვადასხვა სახის სერვისები. როცა შეკვეთა შემოვა, გადავცემთ თანამშრომელს და ისინი პირველ რიგში გადაიღებენ ფოტოს რა მდგომარეობაშია საფლავი, შემდეგ შეკვეთის მიხედვით შეასრულებენ სამუშაოებს. შემდეგ გადაუღებენ ფოტოს და ვაჩვენებთ დამკვეთს.
სამომავლოდ გვაქვს გეგმაში, რომ გვინდა ხელოვნური ყვავილების გამოყენება ჩვენს საქმიანობაში, ასევე განსხვავებული დიზაინის ლარნაკების შეტანა, რომელიც არ იქნება მოძრავი, რომ არ დაზიანდეს. ასევე ვგეგმავთ ყვავილებით გაფორმებული ხის ჯვრების შემოტანას და სხვა. მთავარი გეგმა კი სამომავლოდ საქართველოს მასშტაბით მუშაობის დაწყებაა, რომელსაც სავარაუდოდ, ზაფხულისთვის მოვახერხებთ”,- განაცხადა მარიამ ოსიაშვილმა.

„სა-დას“ ინფორმაციით, ერთ კაციანი საფლავის ერთჯერადი სტანდარტული მოვლა-დასუფთავება 50 ლარი ეღირება, სიღრმისეული კი 100 ლარი. სიღრმისეული დასუფთავება საფლავზე არსებული სარეველა მცენარეების ძირიანად ამოღებას გულისხმობს. წლიური პაკეტი კლასიკი – 2 კაციანი საფლავის დასუფთავება კი 300 ლარი ეღირება, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში გადასახადი 25 ლარი იქნება. 4 გარდაცვლილი და ზემოთ — წლიური პაკეტი 600 ლარი იქნება, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში კი 50 ლარი. შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე ყოველთვიური გადახდა.

რაც შეეხება წლიურ VIP პაკეტს – 2 კაციანი საფლავის დასუფთავება – 600 ლარი ეღირება, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში საფასური კი იქნება 50 ლარი, 3 გარდაცვლილი და ზემოთ კი 900 ლარი, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში გადასახადი იქნება 75 ლარი. VIP პაკეტი გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში დასუფთავებულ სასაფლაოს, მოვლილ მცენარეებს და საფლავის ქვას, საფლავის გალამაზებას ხელოვნური ყვავილებით და შემკვეთის სურვილის შემთხვევაში ბუნებრივი თაიგულების მიტანას.

იდეის ავტორი, ნათია სააკაშვილი აცხადებს, მანამ სანამ იდეაზე მუშაობას დაიწყებდნენ, მათ საქართველოს მასშტაბით მოკვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მსგავსი სერვისის საჭიროება არსებობს. მისივე თქმით, სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა საფლავების დასუფთავების სერვისის შესახებ ინტერესი დიდია.

,,იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც დედა გარდამეცვალა. მე და მამას სტრესის გამო გვიჭირდა მისვლა საფლავზე და მისი მოვლა, ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი ადამიანი იყო ჩვენნაირად. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა შეგვესწავლა და აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა ფაქტორის გამო საყვარელი ადამიანების საფლავზე ზრუნვას ვერ ახერხებს. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეს სერვისი დაგვენერგა.
როდესაც მოკვლევას ვაკეთებდით, არ გვინახავს ადამიანი, ვინც ამით არ დაინტერესდებოდა. ჯერ არ დავიწყია შეკვეთების მიღება და უკვე ბევრი გვირეკავს, აინტერესებთ როდის დავიწყებთ მუშაობას. ეს არის სიახლე რეგიონისთვის, ინოვაციურია და იმედი გვაქვს ბევრი ადამიანი ჩაერთვება”,-
განუცხადა knews.ge-ს ნათია სააკაშვილმა.

ნახეთ ამავე საკითხზე მომზადებული მასალები:

როდის ამოქმედდება საფლავების მოვლის გაციფრულების სერვისი კახეთში

კახეთში საფლავების გაციფრულების სერვისი ამოქმედდება

რას ფიქრობენ თელავში საფლავების მოვლის სერვისის გაციფრულებაზე