აზერბაიჯანის საზღვარზე „ლაგოდეხის“ გამშვები პუნქტის ახალი ინფრასტრუქტურა იხსნება
2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა იხსნება, – განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გააკეთა.
„გასულ 2022 წელს, ჩვენ გვქონდა საშუალება, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაგვეხსნა „ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ახალი შენობა-ნაგებობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იხსნება „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ასევე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. ცხადია, მიმდინარეობს სხვა გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი თითქმის სამი წელია დაკეტილია, მათ შორის – საქართველოსთან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მოლოდინია, რომ 2023 წლიდან მეზობელი აზერბაიჯანი საზღვრებს გახსნის.
„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა მეზობლებთანაც. ოფიციალური მიზეზი covid-პანდემიაა. ამდენად, როგორც ისინი შეაფასებენ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, იმის მიხედვით გაიხსნება საზღვრები, თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ ვიცით განწყობები, რომ მომავალ წელს შეზღუდვები უნდა მოიხსნას“, – თქვა ლევან დავითაშვილმა.