ახალი ამბები

თელავში ავტობუსის გაჩერებებთან, მოსაცდელების და საინფორმაციო დაფების მონტაჟი მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის, სიახლეების დანერგვას გეგმავს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი გაჩერებების და საინფორმაციო ელექტრონული დაფების მონტაჟი და კონტროლიორების გადამზადების პროცესი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მგზავრობის გადასახადის ამოქმედება გადაიდო, რადგან სამუშაოები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე პროგრამული, დროში გაიწელა.

,,ამჟამად მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს, ჩვენ წლის განმავლობაში დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რომ შეგვეძინა გადახდის სისტემები, ვითანამშრომლეთ რამოდენიმე ბანკთან და ბოლოს შეირჩა თიბისი, რომელთან ერთადაც ვახორციელებთ ამ პროექტს. ქალაქში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება მოსაცდელების მოწყობა, მისი ადგილების შერჩევა შესაბამის სამსახურებთან ერთად, მოეწყობა შედარებით თანამედროვე და კეთილმოწყობილი გაჩერებები, სადაც დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები. დაფების რაოდენობა იქნება დახლოებით 10-დან 15 ერთეულამდე. ესენი საკმაოდ ძვირია და სჭირდება პროგრამული უზრუნველყოფა.

ასევე ტრანსპორტის ააიპ-ში მოეწყო ე.წ. სადისპეჩერო, სადაც მიმდინარეობს თანამშრომლების გადამზადება და შერჩევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც აღრიცხავს ტრანსპორტის გადაადგილებას, დაგვიანებას, ადრე მისვლას, ნაკადის რეგულირებას. ამავე სამსახურში ხდება ასევე კონტროლიორების შერჩევა. უკვე გამოცხადებული გვაქვს ვაკანსიები. დაახლოებით 8-10 კონტროლიორი იქნება თავდაპირველად შერჩეული, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე 10 ერთეული ავტობუსი გვყავს, შესაბამისად, რამდენიც გვჭირდება თანამშრომელი, იმდენს ავიყვანთ”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქალაქის ტერიტორიაზე დაგეგმილია 18 ახალი გაჩერების და მოსაცდელების მოწყობაც, რომელიც თანამედროვე სტანდარტების იქნება.