სოფელ ლამბალოში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე – „იდეათეკა“ გაიხსნა
„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, რიგით მე-16 „იდეათეკა“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გაიხსნა.
მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“ მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ხელს უწყობს საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. „საქართველოს ბანკმა“, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. თუმცა, როგორც ბანკში აცხადებენ, ეს მხოლოდ დასაწყისია.
ლამბალოში გახსნილი საგანმანათლებლო მულტიფუნქციური სივრცე გამოირჩევა მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი რესურსებით, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფელში მცხოვრებ 1127 მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა მათი განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასა თუ რესურსებზე. უფრო მეტიც, „იდეათეკა“ ქმნის სივრცეს, სადაც ყოველდღიურად ტარდება გაკვეთილები, იმართება ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
„ჩვენ კარგად გვესმის განათლების ძალა. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკის“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის, ინიციატივაა, რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რათა თითოეული მათგანი უზრუნველვყოთ თანაბარი პირობებითა და შესაძლებლობებით, რაც დაეხმარება მათ, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“, – აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.