საგარეჯოში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, ნიახურის ციხის დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე 2 პრიმა მუხლით დაიწყო.
ვიდეო, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც შსს-მ გამოძიება დაიწყო, ფეისბუკში 15 დეკემბერს გავრცელდა. ვიდეოში, რომლის გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, ორი ადამიანი ჩანს, ერთ-ერთი ციხის შესასვლელ კარს ფეხს ურტყამს. ორივე რუსულ ენაზე ლაპარაკობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივმა თვითმმართველობამაც მიმართა.
ნიახურის ციხე XVIl-XVIII საუკუნის ძეგლია. კარი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი ფეხს ურტყამს, ისტორიულ ძეგლზე ეზოს მხრიდან არის გაჭრილი. სამსართულიანი ციხე საგარეჯოში საავტომობილო გზასთან ახლოს, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს.
იხილეთ ვრცლად ამავე თემაზე:
ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, სადაც რუსი ტურისტი საგარეჯოში, ისტორიული ციხის კარს ფეხით ანგრევს