ახალი ამბები

რა ეღირება განმეორებითი ტექინსპექტირება-მთავრობამ ტარიფები განსაზღვრა

მთავრობამ უკვე დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვით, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის მფლობელს დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს. ამ დრომდე 1 თვის ვადაში განმეორებითი ინსპექტირება უფასო იყო.

2023 წლის 1 თებერვლიდან 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექინსპექტირება 100 ლარი, განმეორებითი ინსპექტირება 30 ლარი ეღირება; დანარჩენ შემთხვევებზე პირველადი ინსპექტირების საფასური 60 ლარია, განმეორებითის 20 ლარი.

M1 კატეგორიის ელექტრომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 15 ლარით.

ტექინსპექტირების ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.

კანონის გამკაცრება არსებულმა ვითარების გამო დადგა დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ოთხი წელია ქვეყანაში სავალდებულოა, დღეს მძღოლების დიდი ნაწილი ქალაქში ისევ გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდება.

არასათანადო ადმინისტრირებისა და დაბალი საჯარიმო სანქციების გამო, მოქალაქეების ნაწილი ინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდას ამჯობინებს.

ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სისტემური ხარვეზების გამო, დღეს ქვეყანაში რეგისტრირებული მილიონნახევარი ავტოსატრანსპორტო საშუალების მხოლოდ 48%-მდე აკმაყოფილებს ტექდათვალიერების მოთხოვნებს.